პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა არგენტინასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ლიონელ მესის გაჩერება ძალიან ძნელია და არგენტინას გოლის გასატანად ბევრი მომენტის შექმნა არ სჭირდება, რადგან გუნდში მესი ჰყავს.
„გვინდა მერვედფინალში გავიდეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი დაცვის ხაზის მუშაობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 0:0-ზე ვითამაშებთ. თუმცა, არც მხოლოდ შეტევაზე ვიფიქრებთ, რადგან ეს არგენტინის ნაკრების წისქვილზე წყალს დაასხამს. ვიცით, რომ იქნება მომენტები, როცა მთელი გუნდით თავის დაცვა მოგვიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 11-ვე ფეხბურთელით ჩვენს ნახევარზე ვიქნებით.
მესი თუ ლევანდოვსკი? ჩემგან პასუხის გაცემა მნიშვნელოვანი არ არის, ეს არ არის ჩოგბურთი, სადაც ინდივიდები თამაშობენ. აქ მთავარი კოლექტივია. როცა მესი მოედანზეა, იგივეა, როგორც ალბერტო ტომბა სათხილამურო ტრასაზე. თუ ის სლალომს დაიწყებს, მისი გაჩერება რთულია და ცხადია, რომ ადვილი არც ჩვენთვის იქნება.
მექსიკასთან მატჩს ვუყურე და მექსიკელებმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს, რადგან არგენტინას ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს. პრობლემა ისაა, რომ როცა გუნდში მესი გყავს, ბევრი საგოლე მომენტი არ გჭირდება. მე ყოველთვის არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩემს სენტიმენტებს დავივიწყებ“, - თქვა მიხნიევიჩმა.
შეგახსენებთ, არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პოლონეთს მერვედფინალში გასასვლელად ქულაც ეყოფა, ხოლო არგენტინას დიდი ალბათობით მხოლოდ მოგება დასჭირდება, წაგების შემთხვევაში კი ლიონელ სკალონის გუნდი ჯგუფში ჩარჩება.