არგენტინის ნაკრები ლიონელ მესიმ გააცოცხლა და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალთან ახლოსაა, მაგრამ საამისოდ, პოლონეთის ნაკრებთან შეცდომის უფლება არ აქვს.
„ალბისელესტემ“ საუდის არაბეთთან შოკური მარცხის მერე მექსიკასთან რეაბილიტაცია მოახერხა და ახლა გაცილებით უკეთეს ხასიათზეა, თუმცა მოდუნება არ შეიძლება, რადგან პოლონეთი კარგი გუნდია, რომელთანაც მარცხის შემთხვევაში, არგენტინა ჯგუფში ყველა ვარიანტში ჩარჩება. სამაგიეროდ, თუ სამხრეთამერიკელები მოიგებენ, უდიდესი ალბათობით, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ, რაც ნიშნავს, რომ მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებს თავს აარიდებენ. არგენტინას ფრის შემთხვევაშიც ექნება ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია, როგორ დასრულდება საუდის არაბეთისა და მექსიკის თამაში.
თავის მხრივ, თუ ყველაფერი არგენტინელთა ხელთაა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლონეთის ნაკრებზე, რომელიც ამ დროისთვის 4 ქულით ჯგუფის ლიდერია და ორ ტურში გოლიც არ გაუშვია. ჩესლავ მიხნიევიჩის გუნდი მოგების შემთხვევაში ჯგუფს ლიდერის რანგში დაასრულებს, თუმცა ქულაც ეყოფა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. შეიძლება წაგებითაც გავიდეს მერვედფინალში, მაგრამ ამ შემთხვევაში საუდის არაბეთმა არ უნდა მოიგოს და მერე ბურთების ბალანსი დაითვლება. ამრიგად, პოლონეთმა ქულის მოპოვება აუცილებლად უნდა სცადოს, თორემ ძალიან გარისკავს და სიტუაციას გაირთულებს.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები ისევ მოსალოდნელია და სავარაუდოდ, სასტარტოში დაბრუნდებიან ნაუელ მოლინა და ლეანდრო პარედესი. გარდა ამისა, ძირითადში იქნება ენცო ფერნანდესი, რომელმაც მექსიკასთან ულამაზესი გოლი გაიტანა. შეტევაში ლაუტარო მარტინესის ძირითადში გამოჩენა სავარაუდოა, მაგრამ პაულო დიბალა და ხულიან ალვარესი იმედოვნებენ, რომ ლაუტაროს ადგილს დაიკავებენ.
პოლონეთის ნაკრები სავარაუდოდ, რობერტ ლევანდოვსკისა და არეკ მილიკის დუეტით შეუტევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელებს ფრეც აწყობთ. გამოჩნდა, რომ ლევანდოვსკის მარტო მოქმედება (მექსიკასთან) უფრო გაუჭირდა, ვიდრე მილიკთან ერთად ტანდემში თამაში (საუდის არაბეთთან). არცერთ გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან.
სტატისტიკა
პოლონეთის ნაკრებს მიმდინარე მუნდიალზე გოლი არ გაუშვია, ხოლო თუ წინა მუნდიალის ბოლო ტურსაც მივათვლით, გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო სამ შეხვედრაში პოლონეთმა კარი მშრალად შეინახა. არადა, მანამდე ზედიზედ 10 შეხვედრაში ვერ ახერხებდა (მუნდიალზე) კარის მშრალად შენახვას.
ლიონელ მესის არგენტინის ნაკრების მაისურით ზედიზედ 6 თამაშში აქვს გოლი გატანილი და თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელიც 2011-2012 წლებში ჰქონდა. მესის არგენტინის ნაკრების მაისურით ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი არასდროს გაუტანია.
პოლონეთისთვის ეს მე-9 მსოფლიოს ჩემპიონატია და ორჯერ დაიკავა მესამე ადგილი (1974 და 1982 წლებში), თუმცა, მისთვის ბოლო სამ მუნდიალზე, 2002, 2006 და 2018 წლებში ჯგუფში ჩარჩა, სამჯერვე იდენტური შედეგით - 1 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება.
რობერტ ლევანდოვსკიმ მუნდიალზე უგოლო სერია წინა მატჩში დაასრულა, როდესაც საუდის არაბეთის კარი დალაშქრა.
არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).
არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.
არგენტინა და პოლონეთი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან და უპირატესობა „ალბისელესტეს“ მხარესაა - 6 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
ამ 11 მატჩიდან 2 დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა: 1974 წელს პოლონეთმა 3:2 მოიგო, ხოლო 1978 წელს მარიო კემპესის დუბლით გამარჯვება არგენტინამ მოიპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
30 ნოემბერი, 23:00 საათი
დოჰა, „სთედიუმ 974“
პოლონეთი (4-4-2): შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი, ბერეშჩინსკი; ჟელინსკი, ბიელეკი, კრიხოვიაკი; ფრანკოვსკი; მილიკი, ლევანდოვსკი
არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი; მოლინა, ოტამენდი, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; ფერნანდესი, პარედესი, დე პაული; მესი, ლაუტარო, დი მარია