მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები პირველი მერვედფინალისტი გახდა და ტუნისთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
საფრანგეთი წაგების შემთხვევაშიც დიდი ალბათობით პირველ ადგილზე გავა, ამდენად, დიდიე დეშამის გუნდი მშვიდადაა და ამიტომაცაა, რომ ძირითად შემადგენლობაში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. დეშამი შანსს ახალ ფეხბურთელებს მისცემს და გუნდის რამდენიმე ლიდერს დაასვენებს.
უგო ლორისს ვეტერანი სტივ მანდანდა შეცვლის, რადგან ალფონს არეოლას მცირე ტრავმა აქვს. არაა გამორიცხული დეშამმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ედუარდო კამავინგა გამოცადოს და ტეო ერნანდესი დაასვენოს. საქმე ისაა, რომ ტეოს გარდა, ფრანგებს განაცხადში მარცხენა მცველი არ ჰყავთ, ამიტომაც, კამავინგას გამოჩენა შესაძლებელია. დეშამი დაასვენებს ადრიენ რაბიოს, ოლივიე ჟირუს, უსმან დემბელესა და ორელინ ჩუამენისაც. მოგეხსენებათ, საფრანგეთმა ავსტრალია (4:1) და დანია (2:1) დაამარცხა. ბრწყინვალე ფორმაშია კილიან მბაპე, რომელმაც უკვე 3 გოლი გაიტანა და ის ტუნისელთა წინააღმდეგაც სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ტუნისის ნაკრები რასაკვირველია წყვილში აუტსაიდერია. აფრიკელებმა პირველ ტურში დანიასთან სენსაციურად ქულა მოიპოვეს და კარგი შანსი გაიჩინეს, რომელიც ავსტრალიასთან მარცხით (0:1) გაანიავეს. ამრიგად, ტუნისი ტურნირზე ჯერ კიდევ გოლის გარეშეა და თეორიული შანსი აქვს, რომ მერვედფინალში გავიდეს, მაგრამ ამისათვის საფრანგეთის დამარცხება და პარალელური მატჩის მისთვის სასურველი შედეგით დასრულება სჭირდება, რაც რთული წარმოსადგენია.
სტატისტიკა
ეს მუნდიალი ტუნისისთვის მეექვსეა, თუმცა, ჯგუფიდან არცერთხელ არ გაუღწევია. მეტიც, ტუნისის ნაკრებს სულ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ 1978 წელს პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მოიგო.
საფრანგეთი მუნდიალზე მე-16-ედ თამაშობს და ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ფინალი წააგო და ორჯერ მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ფრანგები ჯგუფში 6-ჯერ ჩარჩნენ, მათ შორის 2002 და 2010 წლებში.
საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 1 ფრე), ბოლო 6 მატჩი კი ზედიზედ მოიგო, რაც თავის ისტორიაში საუკეთესო სერიაა (მუნდიალზე). ბოლოს დეშამის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წლის 7 ივლისს, გერმანიასთან დამარცხდა.
კილიან მბაპეს მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 გოლი აქვს გატანილი (2018 წელს -4 , 2022 წელს - 3) და 23 წლის ასაკში მსგავსი შედეგიანობით მუნდიალზე მხოლოდ პელე გამოირჩა.
საფრანგეთი და ტუნისის ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და 2 მატჩი ფრანგებმა მოიგეს, 1 ტუნისელებმა და ორჯერ ფრე დაფიქსირდა. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მათი გზები პირველად გადაიკვეთება.
სავარაუდო შემადგენლობები
30 ნოემბერი, 19:00 საათი
ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“
ტუნისი (3-4-2-1): დაჰმენი; ბრონი, ტალბი, მერია; კეჩრიდა, სხირი, ლაიდუნი, აბდი; მსაკნი, სლიტი; ხაზრი
საფრანგეთი (4-2-3-1): მანდანდა; პავარი, კონატე, ვარანი, კამავინგა; გენდუზი, ფოფანა; კომანი, გრიზმანი, მბაპე; ტურამი