რაფაელ ნადალი ამბობს, რომ თავისი ცხოვრების ნაწილი როჯერ ფედერერთან დარჩა, როცა მისმა დიდმა მეტოქემ და მეგობარმა ჩოგბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. შვეიცარიელმა თავისი ბოლო შეხვედრა ლეივერის თასზე, ნადალთან წყვილში ითამაშა.
ამ ორ ჩოგბურთელს ერთად დიდი სლემის ერთეულთა 42 ტიტული აქვს მოპოვებული.
„პიროვნბა, ვისაც ვაღიარებდი, ვინც ჩემი მეტოქე იყო და ვისთან ერთადაც, ბევრი სიხარული განვიცადე, როგორც კორტზე, ასევე მის მიღმა, წავიდა. მერე დგება მომენტი, როცა ეს ყველაფერი წარსულში რჩება. და ჩემი ცხოვრების ნაწილი მასთან დარჩა, როცა ის ჩოგბურთიდან წავიდა. ძალიან ემოციური იყო, გეთქვა მშვიდობით ადამიანისთვის, ვინც ჩვენი სპორტისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო“, - არგენტინაში, საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა ნადალმა.
ბოლო ორ ათწლეულში ეს ორი ჩოგბურთელი ორმოცჯერ შეხვდა ერთმანეთს. აქედან ესპანელს 24 აქვს მოგებული, 16 კი დათმო.
ბოლო წლებში ნადალს ტრავმები ხშირად აწუხებს, რის გამოც, მისი სპორტში დარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიუხედავად, გასულ სეზონში დიდი სლემის ორი ტიტული მაინც მოიპოვა - ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, შემდეგ კი როლან გაროსი. არადა, პარიზში თამაშისას, მარცხენა ფეხის ტრავმის გამო, ტკივილ გამაყუჩებლის ინექციები სჭირდებოდა.
ნდალი თავის წასვლაზე კონკრეტულს ჯერ არაფერს ამბობს: „ჩემი დრო მოვა, როცა მოვა. ვარ ჩოგბურთის მიღმა სხვა ცხოვრების დასაწყებად, ახლავე მზად. არ მგონია, ეს ჩემთვის პრობლემა იყოს. ცვლილებებთან შეგუება არ გამიჭირდება. ჩემს ცხოვრებაში არის ისეთი რამეებიც, რაც ჩოგბურთზე მეტია“.
ნადალი საჩვენებელ ტურს მართავს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მისი პარტნიორი, ნორვეგიელი კასპერ რუუდია.