ფეხბურთი

22:05 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანადა ჯგუფში ჩარჩა, ხორვატია მერვედფინალს მიუახლოვდა, ბელგიას საქმე გაურთულდა

კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა. ჯონ ჰერდმანის გუნდმა პირველ ტურში ბელგიასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ მეორე ტურში ხორვატიას იგივენაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

არადა, კანადამ თამაში იდეალურად დაიწყო და მეორე წუთზე ალფონსო დევისის გოლით დაწინაურდა, რომელმაც თავური დარტყმით გაიტანა. ეს მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე სწრაფი გოლია, ხოლო კანადის ნაკრების ისტორიაში - პირველი. აქამდე კანადელებს მუნდიალზე გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

კანადა გოლის შემდეგაც კარგად თამაშობდა და შეტევაში აქტიურობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მოკლე მონაკვეთში 2 გოლი გაუშვა და შემდეგ მოიშალა. ანგარიში ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა, მერე კი მირკო ლივაიამ ხორვატები წინ გაიყვანა. ჩრდილოამერიკელებმა თამაშის გადარჩენა მეორე ტაიმში სცადეს, თუმცა ვერაფერი გააწყვეს და კიდევ ორჯერ გაუშვეს. კრამარიჩმა დუბლი შეასრულა, წერტილი კი მაიერმა დასვა - 4:1.

ხორვატიის ნაკრებმა მაროკოსთან უგოლო ფრის შემდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. ასევე 4 ქულა აქვს მაროკოს, მაგრამ ევროპელებს ბურთების უკეთესი ბალანსი გააჩნიათ. ბელგიის ნაკრების აქტივში 3 ქულაა და ბოლო ტურში ხორვატიას ხვდება. ასე რომ, რობერტო მარტინესის გუნდს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის მხოლოდ მოგება სჭირდება. არსებობს ვარიანტი, რომ ფრეზეც გავიდეს ჯგუფიდან, მაგრამ მაშინ კანადის ნაკრების იმედად უნდა იყოს. მაროკოს და ხორვატიას ფრეც ეყოფათ. ამრიგად, მხოლოდ კანადა დარჩა უშანსოდ, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე უმოტივაციო თამაში არ არსებობს და ალბათ, მაროკოსთან კარის გასაჯახუნებლად იბრძოლებს.

სხვათა შორის, ჯონ ჰერდმანის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც ეტყობოდა კლასის და რაც მთავარია გამოცდილების ნაკლებობა... 4 წლის მერე წესით უკეთესი გუნდი იქნება, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა აშშ-სა და მექსიკასთან ერთად მოუწევს.

ხორვატია - კანადა 4:1 (2:1)

დოჰა, „ხალიფა სთედიუმი“

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი (პაშალიჩი 86), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 86); კრამარიჩი (ვლაშიჩი 72), ლივაია (პეტკოვიჩი 60), პერიშიჩი (ორშიჩი 86)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

კანადა (4-4-2): ბორიანი; ჯონსტონი, ვიტორია, მილერი, ლარიეა (ჰოილეტი 62); ბიუკენენი, ჰატჩინსონი (ადეკუგბე 72), ეუშტაკიუ (კონე 46), დევისი; ლარინი (ოსორიო 46), დევიდი (კავალინი 72)

მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი

გოლები: 0:1 დევისი (2), 1:1 კრამარიჩი (36), 2:1 ლივაია (44), 3:1 კრამარიჩი (70), 4:1 მაიერი (90)

გაფრთხილება: ლოვრენი (56), მოდრიჩი 85) - ბიუკენენი (52), მილერი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 8 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ანდრეს მატონტე კაბრერა (ურუგვაი)

1. ხორვატია 2 1 1 0 4 1 3 4
2. მაროკო 2 1 1 0 2 0 2 4
3. ბელგია 2 1 0 1 1 2 -1 3
4. კანადა 2 0 0 2 1 5 -4 0
0.14712