ფეხბურთი

16:00 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა რიკამ იაპონიას მოუგო და გერმანიის საქმეც გააკეთა

კოსტა რიკის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და თვითონ ხომ შეინარჩუნა მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ არანაკლებ გერმანიის საქმე გააკეთა.

პირველ ტურში კოსტა რიკა ესპანეთთან 0:7 განადგურდა, იაპონიამ კი გერმანიას 2:1 მოუგო და ახლა აზიელები აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ჰაჯიმე მორიასუს გუნდმა ძალიან უფერული თამაში აჩვენა და წააგო.

იაპონია კი უფერული იყო, მაგრამ კოსტა რიკა უარესი - შეტევაში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც გაიმარჯვა, რადგან იაპონელები ძალიან პრიმიტიულად და ერთფეროვნად უტევდნენ. საბოლოოდ კი 81-ე წუთზე მარჯვენა მცველმა კეიშერ ფულერმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, კოსტა რიკის ნაკრებმა ორ ტურში კარში ერთადერთხელ დაარტყა და ზუსტად. ვერაფერს იტყვი, დიდებული შედეგია. კოსტა რიკამ რატომ გააკეთა გერმანიის საქმე?

დღეს გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან რომც წააგოს, ბოლო ტურში თუ კოსტა რიკას დაამარცხებს, რისი უდიდესი ალბათობაა, ჯგუფიდან სავარაუდოდ გავა, თუ სასწაული არ მოხდა და ესპანეთმა იაპონიასთან ქულები არ დაკარგა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან არც ეს იაპონია ჰგავს ესპანეთის პრობლემების შემქმნელს და კოსტა რიკა გერმანიისთვის ხომ საერთოდ, რადგან ჩრდილოამერიკელებმა მიუხედავად ამ მოგებისა, ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფიდან 3 ქულით გავიდეს.

იაპონია - კოსტა რიკა 0:1 (0:0)

ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“

იაპონია (4-2-3-1): გონდა; იამანე (მიტომა 62), იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო (ჰ. იტო 46); ენდო, მორიტა; დოანი (ჯ. იტო 67), კამადა, სომა (მინამინო 82); უედა (ასანო 46)

მწვრთნელი: ჰაჯიმე მორიასუ

კოსტა რიკა (5-4-1): ნავასი; ფულერი, დუარტე, ვასტონი, კალვო, ოვიედო; ტორესი (აგილერა 65), ბორხესი (სალასი 89), ტეხედა, კემპბელი (ჩასონი 90); კონტრერასი (ბენეტი 65)

მწვრთნელი: ლუის სუარესი

გოლი: 0:1 ფულერი (81)

გაფრთხილება: იამანე (44), იტაკურა (84), ენდო (90) - კონტრერასი (41), ბორხესი (70)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 4 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

1. ესპანეთი 1 1 0 0 7 0 7 3
2. იაპონია 2 1 0 1 2 2 0 3
3. კოსტა რიკა 2 1 0 1 1 7 -6 3
4. გერმანია 1 0 0 1 1 2 -1 0
0.117193