რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა ბორჯღალოსნები ჩაიბაროს.
„საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც ედი ჯონსია, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი განახლება არ ყოფილა.
ვულოცავთ ლევან მაისაშვილს საოცარ გამარჯვებებს. როდესაც მან გამგეობაზე საკუთარი გეგმები წარმოადგინა, ტიერ1-ის გუნდებთან სხვადასხვა კომპონენტებში ხარისხიანი თამაში იგეგმებოდა, თუმცა მოკლე პერიოდში ორი გამარჯვების მოპოვება შეძლო (იტალიასთან და უელსთან). შესაბამისად, არ იქნება კორექტული სხვა მწვრთნელის კანდიდატურის განხილვა. პირიქით, ჩვენ მივიღეთ წინადადებები სხვადასხვა ქვეყნებიდან ლევან მაისაშვილთან დაკავშირებით და მათ აინტერესებთ, თუ იქნება ის თავისუფალი 2023 წლის შემდეგ. მსოფლიო თასის დასრულებამდე მასთან კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და მინდა წარმატებები ვუსურვო, სამომავლო გეგმებს კი, მთელი სარაგბო ოჯახი ამის შემდეგ განვიხილავთ“, - თქვა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წელს პირველი დონის ორი მეტოქე, იტალია და უელსი დაამარცხა, ხოლო 2023 წელს მსოფლიო თასზე ჯგუფში პორტუგალიას, ავსტრალიას, ფიჯისა და უელსს დაუპირისპირდება.