მასპინძელი კატარი მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში ვერ ითამაშებს. ამას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია, რადგან კატარელებმა მეორე ტურშიც წააგეს.
ეკვადორის შემდეგ კატარმა სენეგალის ნაკრებს უმასპინძლა და გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი სულაც არ იყო.
სენეგალი კატარელი მცველების შეცდომით 41-ე წუთზე დაწინაურდა და ბულაიე დიამ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ფამარა დეიდიუმ თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა და მატჩს ყოველგვარი ინტრიგა პრაქტიკულად მოუკლა.
თუმცა, შემდეგ კატარის ნაკრები გააქტიურდა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, რამაც შედეგი გამოიღო და 78-ე წუთზე მოჰამედ მუნტარიმ სხვაობა შეამცირა. ეს ისტორიული გოლი იყო კატარისთვის - პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. მალევე ბამბა დიენგმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა და სენეგალმა 3:1 მოიგო, რითაც 3 ქულა დააგროვა.
სენეგალის ნაკრები ბოლო ტურში ეკვადორს შეხვდება, ხოლო კატარის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება.
კატარი - სენეგალი 1:3 (0:1)
დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“
კატარი (5-3-2): ბარშამი; მოჰამადი, მიგელი (ვაადი 83), ხუხი, ჰასანი, აჰმედი (სალმანი 83); ბუდიაფი (ჰატემი 69), მადიბო, ალ ჰაიდოსი (მუნტარი 74); ალმოეზ ალი, აფიფი
მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი
სენეგალი (4-4-2): ე. მენდი; საბალი, კულიბალი, დიალო, იაკობსი (ა. სისე 78); ი. სარი (ნდიაიე 74), ნ. მენდი (პ. სარი 78), გეიე, დიატა (პ. სისე 64); დია, დიედიუ (დიენგი 74)
მწვრთნელი: ალიუ სისე
გოლები: 0:1 დია (41), 0:2 დიედიუ (48), 1:2 მუნტარი (78), 1:3 დინეგი (84)
გაფრთხილება: მოჰამადი (20), აჰმედი (45), მადიბო (90) - დია (30), იაკობსი (52), სისე (87)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ანტონიო ლაოსი (ესპანეთი)
1. | ნიდერლანდები | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | 2 | 3 |
2. | ეკვადორი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | 2 | 3 |
3. | სენეგალი | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 3 | 0 | 3 |
4. | კატარი | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 5 | -4 | 0 |