ფეხბურთი

18:33 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუნისი - ავსტრალია: თამაში შანსის შესანარჩუნებლად

მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე ტური სტარტს ტუნისისა და ავსტრალიის ნაკრებთა შეხვედრით აიღებს, რომელშიც ფავორიტი გამოკვეთილი არაა და ალბათ, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.

ტუნისმა პირველ ტურში ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან კარგად ითამაშა და მძლავრ დანიის ნაკრებს არაფერი დაუთმო - შედეგად, დამსახურებული ქულა მოიპოვა. ამიტომაც, აფრიკელებისგან ახლა მეტი მოლოდინია, თან ტუნისი თუ მოიგებს, ჯგუფიდან გასვლის ძალიან რეალური შანსი გაუჩნდება. მოკლედ, ძალიან მოტივირებულია.

თავის მხრივ, ავსტრალიამ საფრანგეთის ნაკრებთან რომ წააგო, რა გასაკვირია, მაგრამ კარგადაც ვერ ითამაშა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწია. ისე კი, ფრანგებთან ანგარიში ავსტრალიელებმა გახსნეს, მაგრამ მერე სუსტად ითამაშეს და უქულოდ დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ალბათ, ავსტრალიის ნაკრებს ტუნისთან გამარჯვებაზე ფიქრი და თამაში შეუძლია.

ორივე გუნდი ამ მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება და ორივესთვის სასწორზე ძალიან ძვირფასი 3 ქულა დევს. ამ შეხვედრაში დამარცხებული პლეი-ოფში გასვლის შანსს პრაქტიკულად დაკარგავს.

სტატისტიკა

ეს მუნდიალი ტუნისისთვის მეექვსეა, თუმცა, ჯგუფიდან არცერთხელ არ გაუღწევია. მეტიც, ტუნისის ნაკრებს სულ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა 1978 წელს პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და ჯგუფიდან ერთადერთხელ, 2006 წელს გავიდა, როცა მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან 0:1 წააგო. ბოლო სამი მუნდიალი ავსტრალიელები ჯგუფში ჩარჩნენ.

ტუნისი და ავსტრალია ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედრიან და თანაფარდობაა: 1997 წელს ამხანაგურ მატჩში ავსტრალიამ 3:0 მოიგო, ხოლო 2005 წელს კონფედერაციათა თასზე ტუნისელებმა 2:0 იმარჯვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

26 ნოემბერი, 14:00 საათი

ალ ვაკრა, „ალ ჯანუბ სთედიუმი“

ტუნისი (3-4-3): დაჰმენი; ბრონი, მერია, ტალბი; დრაგერი, სხირი, ლაიდუნი, აბდი; ხაზრი, ჯებალი, მსაკნი

ავსტრალია (4-1-4-1): რაიანი; ატკინსონი, სუტარი, როვლესი, ბეჰიჩი; მუი; ლეკი, ირვინი, მაკგრი, გუდვინი; დეკი

0.130852