ფეხბურთი

16:12 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უდიდესი უპირატესობა და ბოლოს გატანილი ლამაზი გოლები: ირანმა უელსს მოუგო

ირანის ნაკრებმა უელსის ნაკრებს ყველაფერში აჯობა და ძალიან დამსახურებულად მოიგო. კარლოს კეირუშის გუნდი ინგლისთან 2:6 მარცხის მერე მოედანზე ძალიან მოტივირებული გავიდა და ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გაუჩნდა. პირველი ტაიმი თანაბარი და მოსაწყენი გამოდგა. ირანმა გოლიც გაიტანა, დიდებული კომბინაციით, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა.

მეორე ტაიმში კი მოედანზე ერთი გუნდი იყო და ფეხბურთსაც ერთი გუნდი თამაშობდა. ირანელებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ხან უეინ ჰენესი თამაშობდა შესანიშნავად, ხან ირანის ნაკრების ფეხბურთელები მცირედით არაზუსტად ურტყამდნენ. იყო ერთი შეტევა, როცა უელსის ნაკრების კარის ძელი ორჯერ შეზანზარდა.

87-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის უელსელებს მეკარე ჰენესი გაუძევეს და რიცხობრივი უპირატესობით ირანმა ისარგებლა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე და მეცხრე წუთებზე მათ ორჯერ გაიტანეს, თან ორივე ეფექტური და ლამაზი გოლი. ჯერ შორი მანძილიდან როოზბე ჩეშმიმ ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მერე კონტრშეტევა რამინ რეზაიანმა რბილი დარტყმით დაასრულა და 2:0.

უელსის ნაკრები ძალიან სწორხაზოვანი და უფერული იყო - მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდია და ბუნებრივია პლეი-ოფში არაფერი ესაქმება. ირანის ნაკრებს დაბალი კლასი ეტყობა, მაგრამ მონდომებულია და გაცილებით გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. ისე, უფრო მაღალი კლასის გუნდი უელსის ნაკრებს გაცილებით მარტივად მოუგებდა.

ამრიგად, ირანს ორ ტურში 3 ქულა აქვს, უელსს - 1. ბოლო ტურში უელსი ინგლისს შეხვდება, ხოლო ირანის ნაკრები უპრინციპულეს მეტოქეს, აშშ-ს ნაკრებს გაეჯიბრება. სატურნირო მოტივაციის გარდა, ამ თამაშს სხვა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და ეჭვგარეშეა, ძალიან მაგარი თამაში იქნება.

უელსი - ირანი 0:2 (0:0)

ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“

უელსი (3-4-3): ჰენესი; მეფემი, როდონი, დევისი; რობერტსი (ჯონსონი 57), რემსი (უორდი 87), ამპადუ (ალენი 78), უილიამსი; ბეილი, მური, უილსონი (ჯეიმსი 58)

მწვრთნელი: რობ პეიჯი

ირანი (4-1-3-2): ჰ. ჰოსეინი; რეზაეიანი, მ. ჰოსეინი, პურალიგანჯი, მოჰამადი; ეზატოლაჰი; ნოორალაჰი (ჩეშმი 78), ჰაჯსაფი (ტორაბი 77), გოლიზადე (ჯახანბახში 77); აზმუნი (ანსარიფარდი 68), ტარემი

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

გოლები: 0:1 ჩეშმი (90), 0:2 რეზაიანი (90)

გაფრთხილება: როდონი (45) - რეზაიანი (90), ჯახანბახში (90)

გაძევება: ჰენესი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 21 (6) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მარიო ესკობარი (გვატემალა)

1. ინგლისი 1 1 0 0 6 2 4 3
2. ირანი 2 1 0 1 4 6 -2 3
3. აშშ 1 0 1 0 1 1 0 1
4. უელსი 2 0 1 1 1 3 -2 1
0.117084