ფეხბურთი

15:05 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინისთვის უკვე ფინალია და მეტოქეს ძალიან კარგად იცნობს

არგენტინის ნაკრებისთვის ეს თამაში უკვე ფინალია. საუდის არაბეთთან შოკური მარცხის შემდეგ ლიონელ სკალონის გუნდს უბრალოდ შეცდომის უფლება არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ფურცელზე მაინც, გაცილებით ძლიერია, ვიდრე საუდის არაბეთი იყო - მექსიკის ნაკრები.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტის სტატუსით და 36-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩავიდა. ფავორიტი „ალბისელესტე“ ცხადია ისევაა, მაგრამ დაუმარცხებელი სერია შეწყდა, არადა, იტალიის ნაკრების 37-მატჩიან წაუგებელ სერიამდე ერთადერთი თამაში დააკლდა და მსოფლიო რეკორდის გამეორების საშუალება მას საუდის არაბეთმა არ მისცა. არგენტინა აზიელებთან იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაუშვა და მერე ვერაფერი შეცვალა. მთლიანობაში ლიოენლ სკალონის გუნდის თამაში სახარბიელო ნამდვილად არ იყო და კრიტიკას იმსახურებდა. ვნახოთ, რამდენად გამოსწორდება ყველაფერი - უკან დასახევი გზა მოჭრილია.

მექსიკის ნაკრები პირველ ტურში პოლონეთს უგოლოდ დაუზავდა, თუმცა, რომ არა გილერმო ოჩოა, ამის გაკეთება გაუჭირდებოდა. ვეტერანმა მეკარემ რობერტ ლევანდოვსკის პენალტი აუღო და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. მექსიკა ბოლო შვიდი მუნდიალია ჯგუფიდან ყოველთვის გადიოდა, მაგრამ ასევე ყოველთვის მერვედფინალურ ეტაპზე ვარდებოდა. თავის მხრივ, მექსიკისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ამ მატჩში მინიმუმ ქულის მოპოვება, რადგან წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეიმცირებს. ასე რომ, მაგარი და საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში წინა ტურისგან განსხვავებით რამდენიმე ცვლილებას ვარაუდობენ. ლისანდრო მარტინესი სავარაუდოდ ნიკოლას ოტამენდის ან კრისტიან რომეროს ადგილს დაიკავეს, სასტარტოში გამოჩნდებიან გონსალო მონტიელი და ალექსის მაკალისტერი პაპუ გომესისა და ნაუელ მოლინას ნაცვლად. მექსიკის ნაკრები კი სავარაუდოდ იმავე შემადგენლობით ითამაშებს, როგორც პოლონეთთან ითამაშა. რაულ ხიმენესი ალბათ ისევ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს თამაშს, რადგან დიდი პერიოდი გაუცდა და ჯერ საუკეთესო კონდიციაში არაა.

სტატისტიკა

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-17-ედ მონაწილეობს და ბოლოს 1990 წელს, იტალიაში არ იყო. მას შემდეგ მექსიკელებმა ჯგუფიდან გასვლა ყოველთვის მოახერხეს, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდნენ. მექსიკა ბოლოს მეოთხედფინალში 1986 წელს იყო, როცა ტურნირის მასპინძელი იყო. ზოგადად, მექსიკის ნაკრებს საუკეთესო შედეგი სწორედ საშინაო მუნდიალებზე აქვს ნაჩვენები, 1970 და 1986 წელს - ორჯერვე მე-6 ადგილი.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).

არგენტინამ მუნდიალის პირველ ტურში 1990 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ მათ ფინალში გასვლა მაინც მოახერხეს.

არგენტინა და მექსიკა ერთმანეთს 35-ჯერ შეხვედრიან და „ალბისელესტეს“ დიდი უპირატესობა აქვს: 16 მოგება, 14 ფრე, 5 წაგება.

ხსენებული 35 მატჩიდან სამჯერ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდნენ 1930, 2006 და 2010 წლებში - სამივე მატჩი არგენტინის ნაკრებმა მოიგო.

მექსიკას არგენტინა 2004 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია (კოპა ამერიკაზე 1:0). მას შემდეგ 10 მატჩი ჩაატარეს და 8 არგენტინამ მოიგო, ორჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

26 ნოემბერი, 23:00 საათი

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

არგენტინა (4-3-3): ე. მარტინესი; მონტიელი, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პაული, პარედესი, მაკალისტერი; მესი, ლაუტარო მარტინესი, დი მარია

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; სანჩესი, მონტესი, მორენო, გალიარდო; ალვარესი, ერერა, ჩავესი; ლოსანო, მარტინი, ვეგა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117445