წარსულში სახელოვანი ჩოგბურთელი, შვედი მატს ვილანდერი, ვინც ამჟამად ევროსპორტის ჩოგბურთის მიმომხილველია, რაფაელ ნადალის კარიერის შესახებ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
36 წლის ნადალმა ამ სეზონში დიდი სლემის ორი ტიტული მოიპოვა და თავისი სასლემო მონაგარი 22-მდე გაზარდა. მაგრამ ტრავმის გამო, სეზონის ბოლო ნაწილში უქმეობა მოუწია. ბოლო დროს მას ტრავმები ხშირად აწუხებს, რამაც წარმოშვა ხმები იმის შესახებ, რომ რაფა კორტზე დიდხანს არ დარჩება.
„მე ვფიქრობ, რომ დიდი სლემის ტურნირის მოგების შემდეგ, ჩოგბურთელს აქვს იმის უნარი, რომ კიდევ სამი-ოთხი სეზონი ითამაშოს. მითუმეტეს, თუ ის რეიტინგის ტოპ რვაშია. თუ მოიგე ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობები, მე შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ სამ-ოთხ წელს ითამაშებ. არ მაინტერესებს ის ფაქტი, რომ რაფა 40 წელს უახლოვდება. არ მგონია, ამას მნიშვნელობა ჰქონდეს“, - ამბობს ვილანდერი და დასძენს:
„მისი რეიტინგში აღმასვლა ახლა უფრო ძნელი იქნება. მაგრამ კიდევ ერთი დიდი სლემის მოგება უფრო იოლი უნდა იყოს, გაცილებით იოლი, ვიდრე რეიტინგის სამეულში დაბრუნება. შენთვის საინტერესო ტურნირები უნდა შეარჩიო. ეს უნდა იყოს ავსტრალიის ღიას, როლან გაროსის, უიმბლდონის და აშშ-ის ღიას დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, რათა ფორმაში შეხვიდე. რაფამ იცის, რაც სურს. მან იცის, ფიზიკურად რა შეუძლია. თუ ტრავმებს მოიშუშებს, მაშინ ყველაფერს შეძლებს“.