რაგბი

20:59 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის სამყაროს მესვეურები ქართულ რაგბის გვერდში უდგებიან

უელსთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების კვალად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე და მისი მრჩეველი, ნიკა ალავიძე მაღალი დონის შეხვედრებზე ინგლისში მიიწვიეს. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა, ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა, ასევე 6 ერის ტურნირის მფლობელებმა, ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ბოლო 2 წელიწადში ქართული რაგბი რეკორდულად გაიზარდა და არნახულ შედეგებს აჩვენებს, შესაბამისად განსაკუთრებულ ყურადღებას და მოპყრობას იმსახურებს.

ბილ ბომონტთან შეხვედრისას გაგრძელდა თბილისში მისი ვიზიტისას დაწყებული საუბარი საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდაზე; მისი თქმით, უელსთან საქართველოს გამარჯვებით ახალი ფურცელი დაიწერა არამხოლოდ ქართული არამედ მსოფლიო რაგბის ისტორიაშიც, რაც მისი აზრით საქართველოს რაგბის კავშირის ბოლოდროინდელი სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგია.

6 ერის ტურნირის მესვეურებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომ 6 ერის 18 წლამდელთა ფესტივალი საქართველოში ჩატარდეს, მათ შორის ქართველი ჭაბუკების მონაწილეობით, ხოლო დიდი 6 ერის ტურნირის საოპერაციო ნაწილში მარკეტინგისა და სატელევიზიო ტრანსლირების ქართველი მენეჯერები ჩაერთონ სათანადო გამოცდილების მისაღებად. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს უელსთან გამარჯვების სხვა მატჩებითაც განმტკიცებას და ასევე კომერციალიზაციის კუთხითაც სათანადო განვითარების დემონსტრირებას. ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა მაღალი შეფასება მისცეს ქართველ მორაგბეთა თამაშს როგორც უელსის ასევე იტალიის ნაკრებებთან შეხვედრისას და მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ ქართულ რაგბს შემდგომ განვითარებაში.

ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა განაცხადა, რომ სამონარქო ტრადიციების მქონე ინგლისსა და საქართველოს შორის მეტი თანამშრომლობაა საჭირო, გადაწყდა რომ ორი ქვეყნის სარაგბო ადმინისტრაციები მოკლე დროში ოფიციალურ ვიზიტებს გაცვლიან, ხოლო ინგლისის ბაზარი ქართველი მორაგბეებისთვის ფართოდ გაიხსნება, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამჟამად ფრანგული სარაგბო ბაზარია მათთვის გახსნილი. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის თქმით, ინგლისისა და უელსის სარაგბო ადმინისტრაციებს უდიდესი გავლენა აქვთ როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე 6 ერის გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, მათგან შეთავაზებული თანამშრომლობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

RUGBY.GE

0.117762