ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მინესოტას“ შეხვდა და 14-ქულიანი სხვაობით - 115:101 დამარცხდა, რითაც 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბითაძემ არასრული 16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება ჰქონდა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
ყველაზე შედეგიანი „ინდიანას“ კალათბურთელი მაილს ტერნერი იყო, ამერიკელმა 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გამარჯვებული გუნდიდან კი კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა. რომელმაც 23 ქულით, 11 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა რუდი გობერს, ფრანგის აქტივში 21 ქულა, 16 მოხსნა და 2 პასი იყო.
„პეისერსს“ 10 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. ბითაძე და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.