იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმ გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებას ისტორიული უწოდა.
აღსანიშნავია, რომ იაპონელთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი გერმანიაში თამაშობს - რიცუ დოანი „ფრაიბურგში“ და ტაკუმა ასანო „ბოხუმში“. ამიტომაც, მორიასუმ ამ ფაქტს განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა.
„ჩვენი ბევრი ფეხბურთელი სათამაშოდ გერმანიაში წავიდა, რათა უნარები იქ განევითარებინათ და მათ ეს უნარები დღეს აჩვენეს. ეს არის დიდი სიურპრიზი და ისტორიული მომენტი იაპონიისთვის. გერმანიაში ბევრი დიდი მოთამაშეა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს იაპონური ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ გერმანიიდან სწავლა, ეს ჩვენი ფეხბურთის მომავალი იქნება.
„მოთამაშეები ნამდვილად ერთ გუნდად შეიკრნენ, კარგად მოვემზადეთ, გამართულად ვითამაშეთ და სწორედ ამან განაპირობა გამარჯვება. ჩვენი ბევრი გულშემატკივარი იყო დოჰაში, მათ გვიბიძგეს გამარჯვებისკენ, ახლა კი მინდა, რომ ამ წარმატების შემდეგ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რისი გაკეთებაც უკეთესად შეგვეძლო და მომდევნო მატჩის მოგება უნდა ვცადოთ“, - თქვა მორიასუმ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრებს განაცხადში 8 ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც გერმანიაში თამაშობენ. აზიელები მეორე ტურში 27 ნოემბერს, კოსტა რიკის ნაკრებს შეხვდებიან.