მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე უგოლო ფრე დაფიქსირდა. დანია-ტუნისის შემდეგ ვერც მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებმა მოახერხეს გოლის გატანა.
თამაში დაძაბული იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ამ გუნდების დაპირისპირებას ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ პირველი ტური გახლდათ.
მექსიკა უფრო მწვავედ უტევდა, მაგრამ რეალური მომენტების გარეშე. თავის მხრივ, პოლონეთსაც შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, თუმცა მოგება კი შეეძლო. 58-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი გამოიმუშავა და თავად დაარტყა, მაგრამ გილერმო ოჩოამ მისი დარტყმა მოიგერია და ნულოვანი ფრე შენარჩუნდა.
პირველი ტურის მერე C ჯგუფს საუდის არაბეთი 3 ქულით ლიდერობს, პოლონეთსა და მექსიკას თითო ქულა აქვთ, არგენტინას - 0. თუმცა, ლიონელ სკალონის გუნდისთვის ეს მაინც ხელსაყრელი ფრე იყო, რადგან დარჩენილი ორი თამაშის მოგების შემთხვევაში არგენტინა ჯგუფიდან აუცილებლად და ყველა ვარიანტში გავა.
მომდევნო ტურში არგენტინა მექსიკას და პოლონეთი საუდის არაბეთს შეხვდება.
მექსიკა - პოლონეთი 0:0 (0:0)
დოჰა, „სთედიუმ 974“
მექსიკა (4-3-3): ოჩოა; სანჩესი, მონტესი, მორენო, გალიარდო; ერერა (როდრიგესი 71), ალვარესი, ჩავესი; ლოსანო, მარტინი (ხიმენესი 71), ვეგა (ანტუნა 84)
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო
პოლონეთი (3-5-1-1): შჩესნი; ბერეშჩინსკი, გლიკი, კივიორი; კაში, კამინსკი, კრიხოვიაკი, შჩიმანსკი (ფრანკოვსკი 76), ჟალევსკი (ბიელიკი 46); ჟელინსკი (მილიკი 87); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ჩესლავ მიხნიევიჩი
გაფრთხილება: სანჩესი (29), მორენო (56) - ფრანკოვსკი (76)
გამოუყენებელი პენალტი: ლევანდოვსკი (58, მეკარე)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: კრის ბიტი (ავსტრალია)