მსოფლიოს ჩემპიონატის ე.წ „სიკვდილის ჯგუფში“ პირველი ტურის პირველი მატჩი გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის შედგება. ამ ჯგუფში ესპანეთი და კოსტა რიკაც არიან, შესაბამისად, ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს.
გერმანია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მითუმეტეს, ბოლო ორი ჩაგდებული დიდი ტურნირის შემდეგ, ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს დიდი მოტივაცია აქვს. დიახ, გერმანიამ კატასტროფულად ჩაატარა წინა მუნდიალი და პირველად ჩარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში, როდესაც მოახერხა და ჯერ მექსიკასთან წააგო, მერე კი სამხრეთ კორეასთან. ცუდი იყო ევრო 2020-იც, როცა „ბუნდესნაკრები“ ჯგუფიდან წვალებით გავიდა და მერვედფინალში ინგლისთან მარცხი სრულიად ლოგიკური იყო. თუმცა, მას შემდეგ გერმანიის ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - იოახიმ ლიოვი ჰანსი ფლიკმა შეცვალა და გუნდმა მუნდიალის შესარჩევი ეტაპი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთა ლიგაზე ცუდად ითამაშა.
ალემანებმა მუნდიალის წინ ტრავმების გამო მნიშვნელოვანი შემტევები დაკარგეს - მარკო როისი და ტიმო ვერნერი. ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა ტალანტი ფლორიან ვირტცი, ხოლო კონკრეტულად იაპონიასთან მატჩს ტრავმის გამო ლეროი სანეც გამოტოვებს. ზოგადად, სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გერმანიის ნაკრებს ბოლო დროს კარგი შედეგები არ აქვს. 2022 წელს, ჰანსი ფლიკის გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 3 მოიგო (ისრაელთან, იტალიასა და ომანთან) და 5-ჯერ ფრე ითამაშა (მათ შორის, 4-ჯერ 1:1), მაგრამ მარცხიც ერთადერთხელ განიცადა (უნგრეთთან).
იაპონიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო სპარინგი კანადასთან ჩაატარა და დამარცხდა, მანამდე კი 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და მაშინ გოლიც არ გაუშვია.
სტატისტიკა
გერმანია და იაპონია აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორჯერვე ამხანაგურ მატჩში. ერთხელ „ბუნდესნაკრებმა“ მოიგო (2004 წელს 3:0), ერთხელ ფრე დაფიქსირდა (2006 წელს 2:2).
იაპონიის ნაკრების რვა ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობს.
გერმანიის ნაკრების საშუალო ასაკი 26.7 წელია და მუნდიალზე მე-12 ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, ხოლო იაპონია 27.8 წელით მეცხრე ყველაზე ხანდაზმული გუნდია.
გერმანიის ნაკრები მუნდიალზე მეოცედ თამაშობს და 1950 წლის შემდეგ ეს ტურნირი არ გამოუტოვებია. გუნდი 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 2002-2014 წლებში ზედიზედ ოთხ მუნდიალზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფში ჩარჩა.
გერმანიამ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირველმა მოიპოვა იმ 31 ნაკრებს შორის, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს.
იაპონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ მუნდიალი არ გამოუტოვებია. აზიელები წინა 6 შემთხვევიდან 3-ჯერ ჯგუფიდან გავიდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
23 ნოემბერი, 17:00 საათი
ალ-რაიანი, „ხალიფა სთედიუმი“
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კერერი, ზულე, რიუდიგერი, რაუმი; კიმიხი, გიუნდოგანი; გნაბრი, მუსიალა, ბრანდტი; მიულერი
იაპონია (4-3-3): გონდა; საკაი, ტომისაუ, იოშიდა, ნაგატომო; შიბასაკი, ენდო, კამადა; იტო, ასანო, მინამინო