ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ განმარტება გააკეთა, რატომ ამატებენ მატჩებს მსაჯები მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უჩვეულოდ ბევრ წუთს. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ეს დირექტივაა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, რადგან თამაშის დროს ბევრი დრო იკარგება.
„ჩვენი უპირველესი რეკომენდაცია არის, რომ ფეხბურთელების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დავიცვათ. ამიტომ, მსაჯები ძალიან მკაცრები იქნებიან უხეშ თამაშზე. სიმულაციების დასჯაშიც მკაცრები ვიქნებით, რადგან ეს მიუღებელია.
რაც შეეხება ბევრი დროის დამატებას, ამის ტენდენცია 4 წლის წინ რუსეთშიც იყო. დაუშვებელია ტაიმის ეფექტური სათამაშო დროს 42 წუთი იყოს. პენალტებს, ცვლილებებს, გოლების ზეიმს, სამედიცინო დახმარებას, VAR-ს ბევრი დრო მიაქვს, ამიტომ, ეს დრო უნდა ანაზღაურდეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე 7, 8, 9 წუთის დამატება ნორმალური გადაწყვეტილება იქნება”, - თქვა კოლინამ.
შეგახსენებთ, ირანისა და ინგლისის მატჩს მსაჯმა ორივე ტაიმის ჯამში 24 წუთი დაამატა, მაგრამ ამ დროსაც გადააჭარბა და გუნდებმა 90 წუთის გარდა, დამატებით 27 წუთი ითამაშეს. ასევე 100 წუთზე მეტი ითამაშეს, სენეგალი-ნიდერლანდებისა და აშშ-უელსის მატჩშიც.