არგენტინა 36-წლიანი მოლოდინის დასრულებას კატარში ეცდება და სასურველი ტრიუმფისკენ გზას საუდის არაბეთთან მატჩით დაიწყებს.
საყოველთაო მოსაზრებით „ალბისელესტე“ მიმდინარე მუნდიალის მთავარი ფავორიტია და ამას საფუძველი ნამდვილად აქვს. 2019 წელს, კოპა ამერიკაზე ბრაზილიასთან 0:2 წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრები არ დამარცხებულა და ეს სერია უკვე 36 მატჩს იტევს. თუ ლიონელ სკალონის გუნდი საუდის არაბეთთანაც არ წააგებს, იტალიის ნაკრების მიერ 2021 წელს დამყარებულ მსოფლიო რეკორდს გაიმეორებს წაუგებელი მატჩების სერიით და დიდი ალბათობით, ასეც იქნება.
სავარაუდოდ, ეს ლიონელ მესის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია და ამრიგად, უკანასკნელი შანსი, რომ ლეომ ის გვირგვინი დაიდგას, რომელიც აკლია - მსოფლიოს ჩემპიონობა. სხვათა შორის, მესის საუდის არაბეთთან მატჩამდე რამდენიმე ვარჯიში გაუცდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, თამაშისთვის მზადაა და ძირითად შემადგენლობაში იქნება. ლიონელ სკალონის განაცხადში ცვლილებების გაკეთება მოუწია, რადგან გუნდს ტრავმების გამო ნიკო გონსალესი და ხოაკინ კორეა გამოაკლდნენ, ხოლო ისინი ანხელ კორეამ და ტიაგო ალმადამ შეცვალეს.
ფაქტია, რომ სამხრეთამერიკელები მართლაც დიდებულ ფორმაში არიან და წესით, საუდის არაბეთთან მარტივი გასეირნება ელოდებათ. მით უფრო, რომ აზიელები მუნდიალზე სტაბილურად ახერხებენ გასვლას, მაგრამ იქ ღირებულს ვერაფერს ქმნიან და აგერ უკვე 28 წელია ჯგუფიდან არ გასულან.
სხვათა შორის, ერვე რენარის გუნდი მუნდიალისთვის აქტიურად მოემზადა და 22 ოქტომბრიდან 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო (ჩრდილოეთ მაკედონიასა და ისლანდიასთან), მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთხელ დამარცხდა (ხორვატიასთან 0:1).
სტატისტიკა
არგენტინის ნაკრებს მუნდიალი ორჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლოს 1986 წელს. მას შემდეგ „ალბისელესტეს“ საუკეთესო შედეგი ფინალი იყო (ორჯერ 1990 და 2014 წლებში).
საუდის არაბეთს პლეი-ოფში ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - 1994 წელს, მერვედფინალში.
საუდის არაბეთისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 გამოჩენაა და ერთადერთხელ წააგო ყველა თამაში - 2002 წელს.
არგენტინა და საუდის არაბეთი მუნდიალზე არასდროს შეხვედრიან, მაგრამ ისე ოთხჯერ გადაიკვეთა მათი გზები და რა გასაკვირია, რომ არგენტინელები უპირატესობას ფლობენ: 2 მოგება და 2 ფრე. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს ამ გუნდების თამაში უგოლო ფრით დასრულდა (2012 წელს).
სავარაუდო შემადგენლობები
ალ დააიენი, „ლუსაილ სთედიუმი“
22 ნოემბერი, 14:00 საათი
არგენტინა (4-3-3): მარტინესი; მოლინა, რომერო, ოტამენდი, აკუნია; დე პაული, პარედესი, მაკალისტერი; მესი, ლაუტარო, დი მარია
საუდის არაბეთი (4-2-3-1): ალ-ოვაისი; ალ-ბურაიკი, ალ-ამრი, ალ-ბულაჰი, ალ-შაჰრანი; კანო, ალ-მალკი; ალ-შეჰრი, ალ-ფარაი, ალ-დავსარი; ალ-ბურაიკანი