მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და მუნდიალმა სტარტი უჩვეულო პერიოდში, გვიან შემოდგომაზე აიღო.
ალ ხორში, „ალ ბაით სთედიუმზე“ A ჯგუფის ბინადრები, მასპინძელი ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირდნენ, სტუმრებმა კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 2:0. თავიდანვე ვთქვათ, რომ არ გამართლდა მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, ყატარელებმა ეკვადორელი ფეხბურთელები მოისყიდეს და მატჩს მასპინძლები მოიგებდნენ.
კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და რაც პირველმა თამაშმა გამოაჩინა, ყატარი მუნდიალზე უსუსტეს გუნდთა რიგებში უნდა იყოს. სამხრეთამერიკელებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს თამაში და მესამე წუთზე გოლიც გაიტანეს. თუმცა ენერ ვალენსიას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გოლის ავტორი მაინც ვალენსია გახდა. მე-16 წუთზე მან თავისივე გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია - 0:1. 15 წუთში სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ გაიტანა, ამჯერად თავით და მატჩის ბედი ფაქტობრივად საწყის ნახევარ საათში გადაწყდა.
მერე ეკვადორის ნაკრებმა მომდევნო ტურსა და ძალების დაზოგვაზე ფიქრი დაიწყო, რაც გამართლებულია, რადგან წინ გუსტავო ალფაროს გუნდს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება. ყატარის ნაკრებმა კი ძალიან სუსტი შთაბეჭდილება დატოვა, საგოლე მომენტიც არ შეუქმნია და სასწაული თუ არ მოხდა, ჯგუფში დიდი ალბათობით, ჩარჩება. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელმა გახსნითი მატჩი ისტორიაში პირველად წააგო.
მეორე ტურში 25 ნოემბერს, ყატარი სენეგალს, ხოლო ეკვადორი ნიდერლანდებს შეხვდება. თუმცა, მანამდე ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ტურის სამი მატჩი შედგება: ინგლისი - ირანი, სენეგალი - ნიდერლანდები, აშშ - უელსი.
ყატარი - ეკვადორი 0:2 (0:2)
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
ყატარი (5-3-2): ალ შები; პედრო მიგელი, ალ რავი, ხუხი, ჰასანი, აჰმედი; ალ ჰაიდოსი (ვაადი 72), ბუდიაფი, ჰატემი; ალმოეზ ალი (მუნტარი 72), აფიფი
მწვრთნელი: ფელიქს სანჩესი
ეკვადორი (4-4-2): გალინდესი; პრესიადო, ტორესი, ჰინკაპიე, ესტუპინიანი; პლატა, მენდესი, კაისედო (ფრანკო 90), იბარა (სარმიენტო 68); ვალენსია (სიფუენტესი 77), ესტრადა (როდრიგესი 90)
მწვრთნელი: გუსტავო ალფარო
გოლები: 0:1 ვალენსია (16, პენ), 0:2 ვალენსია (31)
გაფრთხილება: ალ შები (15), ალმოეზ ალი (22), ბუდიაფი (36), აფიფი (78) - კაისედო (29), მენდესი (56)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 5 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 3:4
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)