ავტოსპორტი

0:02 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰულკენბერგი ჰაასში მიკ შუმახერს შეცვლის

მომავალ სეზონში „ჰაასში“ მიკ შუმახერის ადგილს ნიკო ჰულკენბერგი დაიკავებს. ამერიკულმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ გამოცდილ პილოტებზე გააკეთოს აქცენტი. ამგვარად, 30 წლის დანიელ კევინ მაგნუსენს, 35 წლის ვეტერანი ჰულკენბერგი შეუერთდება, ვისაც ფორმულა 1-ის 181 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფორმულა 1 არასდროს დამიტოვია. მიხარია, რომ ისევ იმ საქმეს გავაკეთებ, რაც მომწონს. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ პელოტონის შუაში დამკვიდრებისთვის ვიბრძოლოთ. და მე ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები ამ ბრძოლაში“, - განაცხადა ჰულკენბერგმა, ვისაც „პორშესთან“ ერთად, ლე მანის 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული.

ჰულკენბერგმა ბოლოს ფორმულა 1-ის სრულ სეზონში მონაწილეობა 2019 წელს მიიღო. მაშინ ის „რენოს“ პილოტი იყო. ამის შემდეგ, მან ფ1 დატოვა, თუმცა პერიოდულად, მაინც ახერხებდა ცალკეულ რბოლებში გამოსვლას. ეს სამჯერ მოხდა და ის ყოველთვის კორონავირუსით დაავადებულ პილოტებს ცვლიდა. 2020 წელს „რეისინგ პოინტში“ ჯერ სერხიო პერესი შეცვალა, შემდეგ კი ლანს სტროლი. ამ სეზონში კი „ასტონ მარტინის“ სებასტიან ფეტელი შეცვალა.

ამგვარად, 23 წლის მიკ შუმახერი გუნდის გარეშე დარჩა. მას ამჟამად ჩემპიონატში მე-16 ადგილი უკავია და სამი ადგილით ჩამორჩება თანაგუნდელ მაგნუსენს, ვინც ბრაზილიაში პოულ პოზიციის მოპოვებით გამოიჩინა თავი. ლეგენდარული მიხაელ შუმახერის შვილმა განაცხადა, რომ „ჰაასის“ გადაწყვეტილებით გაწბილებულია.

0.117606