ფეხბურთი

1:32 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

Goal-მა ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პოტენციური ნომინატების ათეულში შეიყვანა

ცნობილმა გამოცემა Goal-მა „ოქროს ბურთის“ 2023 წლის ნომინანტების სია განაახლა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მეათე ადგილზეა.

წინა თვეში ამ გამოცემას ხვიჩა მე-15 ადგილზე ჰყავდა, ამჯერად კი ათეულში დაასახელეს. რა თქმა უნდა, ეს სია პირობითია და „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაში ხსენებული გამოცემა არაფერს წყვეტს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც კვარა არაერთ ვარსკვლავს უსწრებს, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუს და „ოქროს ბურთის“ მოქმედ გამარჯვებულ კარიმ ბენზემასაც.

„ევროპული ფეხბურთის მიმდინარე სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი „კვარადონა“ „ნაპოლის“ სერია A-ს ლიდერობასა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებაში დაეხმარა. არცერთი სტატისტიკა არ გამოხატავს გარემარბის გავლენას იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამჟამად სერია A-ს გოლებისა და საგოლე პასების საერთო მაჩვენებლით ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე არყოფნა აშკარად სერიოზულ ზიანს აყენებს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი დრო აქვს იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევრისთვის ფორმის პიკში დაბრუნდეს“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ Goal-ის ვერსიით, კვარაცხელიაზე წინ ამ წუთისთვის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში მოჰამედ სალაჰი, ჯამალ მუსიალა, კევინ დე ბრუინი, ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110327