სასტუმრო “რედისონში” საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ნენად ლალოვიჩმა პრესკონფერენცია გამართეს. ნენად ლალოვიჩი საქართველოს ესტუმრა და ჟურნალისტებთან გასაუბრებაც არ დაიზარა.
“როგორც იცით, 2016 წელს თბილისში ჭიდაობაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სტუმრობის მთავარი მოტივიც ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადების დეტალების გაცნობაა. ამასთან, თქვენი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესაც დავესწრები”, - განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.
ქართული ჭიდაობაში არსებული კონფლიქტური ვითარების განმუხტვის იმედი გამოთქვა ლუკა კურტანიძემ, ხოლო ლალოვიჩმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტზე საუბრისას ქების სიტყვები არ დაინანა.
“ლუკამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჭიდაობის განვითარებაში. დღესაც ამ გზას ადგას და მისი მისამართით კარგის მეტი არაფერი მეთქმის”, - აღნიშნა ლალოვიჩმა.