„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პიერს მორგანთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და ინგლისურ კლუბში არსებულ სიტუაციას ფარდა ახადა.
როგორც მან თქვა, „მანჩესტერმა“ მას უღალატა და ერიკ ტენ ჰაგს პატივსაც არ სცემს, რადგან მისგან იგივე დამოკიდებულება არასდროს უგრძნია.
„ვგრძნობ, რომ მიღალატეს. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია, როგორც პირადულად, ისე პროფესიონალურად. ისინი ცდილობდნენ ჩემს გაშვებას, უნდოდათ განტევების ვაცი ვყოფილიყავი. არ ვსაუბრობ მხოლოდ მწვრთნელზე, არამედ კლუბის 2-3 მაღალი თანამდებობის პირზე. ვგრძნობ, რომ ყველა მათგანმა მიღალატა. ასევე ვგრძნობ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ვუნდივარ „მანჩესტერში“, არამხოლოდ წელს, არამედ გასულ სეზონშიც.
კლუბში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, გულს დავუჯერე. როცა სერ ალექსმა მითხრა, რომ არ შემეძლო „სიტიში“ წასვლა, ვუთხარი: „კარგი, ბოს“. როცა დავბრუნდი, მეგონა, რომ სხვა სიტუაცია დამხვდებოდა, მაგრამ „იუნაიტედში“ თითქოს დროს გაჩერდა. ტექნოლოგიურ დონეზე, სტრუქტურული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, არც სპორტული დარბაზი, არც მზარეულები, იგივე სიტუაცია დამხვდა, რაც მაშინ იყო, როცა 22-23 წლის ვიყავი. კლუბში საერთოდ არაფერი განვითარებულა, ნულოვანი პროგრესია. გუნდი სათავეში უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის, კლუბში არის რაღაცები, რის გამოც "ლივერპულის", "სიტის" და ახლა უკვე "არსენალის" დონეზე ვერ ვართ.
ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან მისგან არ მიგრძნია პატივისცემა და როცა ვინმე პატივს არ მცემს, მასაც არასდროს ვცემ პატივს. „მანჩესტერში“ სპორტული დირექტორი მთავარ მწვრთნელად მოიყვანეს (რალფ რანგნიკი - რედ). გაუგებარია, როგორ გააკეთა ეს არჩევანი ისეთმა დიდმა კლუბმა, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“. ამით ყველა გააკვირვეს, არა მხოლოდ მე, არამედ მთელი მსოფლიო. თუ მწვრთნელი საერთოდ არ ხარ, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ „მანჩესტერში“ იქნები? როცა მოვიდა, არც კი ვიცოდი, ვინ იყო. „იუნაიტედი“ არ არის სწორ გზაზე, ეს კლუბში ყველამ იცის, მათ შორის, სერ ალექსმაც. გულშემატკივრები სიმართლის ცოდნას იმსახურებენ. რუნი? არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მაკრიტიკებს, ალბათ იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი ისევ მაღალ დონეზე ვთამაშობ. მაინც, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ მასზე უკეთესი ვარ, თუნდაც ეს რეალობა იყოს.
გულშემატკივარი ჩემთვის ყველაფერია. ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, ყოველთვის მაფასებდნენ და ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი არიან, რადგან ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. ამიტომ ვთქვი ეს ყველაფერი ამ ინტერვიუში, რადგან მინდა ჩემგან გაიგონ რა ხდება“, - თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.