საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ მატჩებზე მეორე შეხვედრა სამოას წინააღმდეგ ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა. წლის ბოლო საშინაო მატჩს ლევან მაისაშვილის გუნდი დანაკლისით შეხვდა, თუმცა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ 1-ქულიანი სხვაობით 19:20 წააგო.
შეხვედრა მეტოქისთვის დამახასიათებელი პერფორმანსით გაიხსნა და მათ „დინამო არენაზე“ ,,სივა ტაუ" შეასრულეს. ანგარიში კი ჯარიმით გახსნეს. მალევე თედო აბჟანდაძემ ჯარიმითვე უპასუხა და წონასწორობა აღდგა. სამოამ პირველ ტაიმში უკეთესად ითამაშა და ეს ანგარისშიც აისახა. მათ 1 ლელოს დადება მოახერხეს და წინ გაიჭრნენ. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან სხვაობის შემცირება კვლავ აბჟანდაძემ შეძლო და ქართველმა მორაგბეებმა ტაიმი 6:10 დათმეს.
მეორე ნახევარში რადიკალურად განსხვავებული თამაში წარიმართა. ლევან მაისაშვილის გუნდმა მოუმატა და მოსაგებადაც გაიწია, თუმცა წამოწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
50-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ მეტოქის ცათვლის წერტილში ბურთის დამიწება შეძლო, რომელიც აბჟანდაძემ ვერ გარდასახა, თორემ ვინ იცის, იქნებ დღეს კუნძულელ მეტოქესთან ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიგვეთვალა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე დებიუტანტი ალექსანდრე ქუნთელია შემოიყვანა, რომელსაც საუცხოო დებიუტი გამოუვიდა. 68-ე წუთზე ახალგაზრდა მორაგბემ ლელო დადო და საქართველო წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. სამწუხაროა, რომ გარდასახვა აჯჟანდაძეს ამჯერადაც არაზუსტი გამოუვიდა.
4-წუთში მსაჯმა უხეში ბოჭვისთვის პაიაუა მოედნიდან გააძევა. თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა, ანგარიში 19:13 გახადა და 6-ქულიანი ფორით, კაცნაკლულ მეტოქესთან მოსაგებად სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
მატჩის დასრულებამდე ქართველ მორაგბეებს ანგარიშის შენარჩუნება მართებდათ, თუმცა არ გამოვიდა. 76-ე წუთზე მანუმ დუბლი შეასრულა, რომელიც ლეუილამ გარდასახა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გეტყვით, რომ ამ შეხვედრის ჩათვლით, საქართველოს სამოას წინააღმდეგ 9 ლელო აქვს დადებული, ხოლო კუნძულელებმა ქართველი მორაგბეები 15-ჯერ დაალელოვეს.
წაგების მიუხედავად, ბორჯღალოსნები სამოასთან ურთიერთშეხვედრებში დადებით ბალანსს ინარჩუნებენ. ჩვენი ქვეყნის გუნდს კუნძულელ მეტოქესთან 3 მოგება, 2 მარცხი და 1 ფრე აქვს. ქართველი მორაგბეები ტესტების ბოლო შეხვედრას უკვე 19 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.