ლუის ჰამილტონის წარმატებათა განუყოფელი ნაწილი, მისი სარბოლო ინჟინერი პიტერ ბონინგტონია, ვისაც ფორმულა ერთში ბონოს მეტსახელითაც იცნობენ. ის ჰამილტონის ინჟინერი მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანელი პილოტი „მერსედესში“ გადავიდა. მას შემდგ, ორივემ ერთად, არაერთი რბოლა და ტიტული მოიგო.
რბოლების გადამწყვეტ მომენტებში, რადიოთი ხშირად ისმის ბონოს ფრაზა - „ჰამერ ტაიმ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონმა უნდა მოუმატოს. ეს ფრაზა ემსი ჰამერის მუსიკიდანაა. თუმცა ჰამილტონი ამბობს, რომ ეს სიტყვები მისი დამკვიდრებულია და ჰიპ ჰოპი აქ არაფერ შუაშია.
„მე მოვიგონე „ჰამერ ტაიმი“. ერთხელ ბონომ თქვა - მომატების დროა. მე ცოტა დავიძაბე, რადგან მანამდეც თავს არ ვზოგავდი. და ვთხოვე, შემდეგში ეთქვა, რომ „ჰამერ ტაიმის“ მომენტია“, - ყვება ჰამილტონი.
„ბონოს მადლიერი ვარ. ჩვენ ერთად დიდი გზა გავიარეთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ხანგრლივი და წარმატებული თანამშრომლობაა მრბოლსა და მის ინჟინერს შორის. მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ჩემს გამარჯვებებში. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს გვერდში ვედეგით როგორც გამარჯვებების დროს, ასევე რთულ მომენტებში“, - ყვება ჰამილტონი და დასძენს:
„მე მომწონს ბონოსთან მუშაობა. ის ჩემთვის ძმასავითაა. როსკოს (მის ძაღლს ჰქვია) გარდა, ის ერთადერთია, ვისაც ჩემი ატანა შეუძლია. მას ყოველთვის შეუძლია აბსოლუტური სიმშვიდის შენარჩუნება და რბოლისას ჩემი დახმარება. არ მგონია, რომ მის ადგილზე, იგივეს სხვებიც გააკეთებდნენ“.