ბორჯღალოსნები 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოასთან გასამართი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან.
ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო და 1,5-2 თვე გაუცდება გიორგი კვესელაძეს. მცირე დაზიანება აქვს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა გორგაძე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ის შაბათის თამაშს მზადყოფნაში შეხვდება.
დღეს ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„სამოა ფიზიკური გუნდია და რთული თამაში გველის. ამ კვირაში ჩვენი მთავარი საზრუნავი ენერგიის აღდგენა და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში შესვლაა, ასევე ურუგვაისთან დაშვებული შეცდომების გამოსწორება. დიდი ყურადღება დავუთმეთ დერეფანში თამაშს და დარწმუნებული ვარ სამოასთან ეს კომპონენტი ბევრად უკეთესი იქნება“ – განაცხადა დერეფნის მწვრთნელმა პოლ ტიტომ.
„სამოელებმა განვლილი თამაში იტალიასთან დიდი სხვაობით დათმეს, თუმცა ძალიან კარგი გუნდია და რთულ შეხვედრას ველით. მოსამზადებლად მოკლე კვირა გვაქვს და მხოლოდ ორი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოვახერხეთ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ურუგვაისთან ბევრი ბურთი დავკარგეთ და ამ კონპონენტს დიდი ყურადღება დავუთმეთ. იმედი მაქვს ბურთს მეტად შევინარჩუნებთ და მაყურებელიც უფრო ლაღ და სანახაობრივ შეხვედრას იხილავს“ – დაამატა თედო აბჟანდაძემ.
RUGBY.GE