იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში რამდენიმე სუპერ მატჩი იყო: შაბათს, ლიდერები, „ნაპოლი“ და „ატალანტა“ შეხვდნენ, მაგრამ კვირას კიდევ უფრო დამაინტრიგებელი შეხვედრები შედგა - დიდი იტალიური დერბი და რომაული დერბი.
„იუვენტუსმა“ და „ინტერმა“ სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ ბოლო 4 მატჩი მილანელებს ჰქონდათ მოგებული, ტურინელებს ბოლო სამი (სერია A-ში). ამიტომაც, სიტუაცია ოდნავ გამოასწორეს და დიდ იტალიურ დერბის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცა.
პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და უკეთესი „ინტერი“ იყო, მაგრამ უგოლო ფრე სრულიად ლოგიკური შედეგი იყო. აი, მეორე ნახევარში კი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დიდებულად ითამაშა და მეტოქეს ყველაფერში აჯობა. ფანტასტიკური თამაში ჰქონდა ფილიპ კოსტიჩს, რომელმაც ორი საოცარი საგოლე პასი გააკეთა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. სერბმა 52-ე წუთზე კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე და ადრიენ რაბიოს დაეხმარა ანგარიშის გახსნაში, ხოლო 85-ე წუთზე არანაკლები პასი გააკეთა და ნიკოლო ფაჯოლიმ, რომელიც ტურინელთა ამომავალი ვარსკვლავია, სხვაობა ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, კოსტიჩმა ამ გოლებს შორის, კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა, როცა დანილოს გაატანინა, მაგრამ გოლი ხელით თამაშის გამო VAR-მა გააუქმა. სერბს გატანა თავადაც შეეძლო, თუმცა ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა.
„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, „ინტერს“ და „რომას“ სატურნირო ცხრილში გადაასწრო და მეხუთე ადგილზეა. სხვათა შორის, „იუვეს“ სერია A-ში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.მართალია, ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სხვა პოზიციებთან ახლოსაა, „ინტერმა“ კი 13 ტურში მეხუთე მარცხი განიცადა და მეშვიდე საფეხურზეა.
რომაულ დერბიში კი სტუმრებმა მოიგეს. „ლაციომ“ „რომას“ ფელიპე ანდერსონის გოლით იმარჯვეს და მაურიციო სარის გუნდი 27 ქულით მესამე ადგილზეა. „რომამ“ ცუდად ითამაშა და მეტოქეს, რომელსაც ჩირო იმობილე და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი აკლდნენ, ვერაფერი მოუხერხა. ჟოზე მოურინიოს გუნდი 25 ქულით მეექვსეა.
„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 რაბიო (52), 2:0 ფაჯოლი (84)
„რომა“ – „ლაციო“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ფელიპე ანდერსონი (29)