იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ მოტოგრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპი, რომელიც ვალენსიაში ჩატარდა, მეცხრე ადგილზე დაასრულა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოქმედ ჩემპიონ ფაბიო კვარტარაროსთან უპირატესობა შეენარჩუნებინა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოეპოვებინა.
ბოლო ეტაპის წინ, მათ შორის სხვაობა 23 ქულა იყო. „იამაჰას“ მრბოლს ტიტულის მოსაპოვებლად, მინიმუმ გამარჯვება სჭირდებოდა. მაგრამ ფინიშთან მეოთხე მივიდა. გამარჯვება კი „სუზუკის“ ესპანელმა ალექს რინსმა მოიპოვა.
ბანიაიას რბოლის დასაწყისში შეჯახება მოუვიდა, მაგრამ ასპარეზობის გაგრძელება შეძლო და საბოლოოდ, მეცხრე ადგილს დასჯერდა, რაც „დუკატის“ მრბოლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ეს იტალიური ბრენდის პირველი გამარჯვებაა მოტოგრანპრიში. აქამდე მისი ბოლო ჩემპიონი, ავსტრალიელი კეისი სტოუნერი იყო (2007 წელს).
„ეს ჩემს სიცოცხლეში ეს ურთულესი რბოლაა. ჩემი მისია, ტოპ ხუთეულში ფინიში იყო. მაგრამ სამი-ოთხი წრის შემდეგ გამიჭირდა. ჩემი ბაიკის წინა ნაწილის კონტროლი შეუძლებელი გახდა. თუმცა მთავარია, რომ ჩემპიონები გავხდით“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც ჩემპიონატის შუაწელში, ლიდერს 91 ქულით ჩამორჩებოდა.
ეს ბოლო 50 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როდესაც იტალიელი მრბოლი ჩემპიონატს იტალიური მანქანით იგებს. მანამდე ეს ლეგენდარულმა ჯაკომო აგოსტინიმ შეძლო. გარდა ამისა, ბანიაია 2009 წლის შემდეგ პირველი იტალიელია, ვინც ჩემპიონი გახდა. მანამდე ბოლომ ეს ლეგენდარულმა ვალენტინო როსიმ, „იამაჰას“ მოტოციკლით შეძლო.