საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ორ თვეზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ევროლიგაზე ითამაშა.
მეექვსე ტურში იტალიურმა გუნდმა ფრანგულ „ლიონ ვილარბანს“ უმასპინძლა და 79:84 დამარცხდა. არადა, ბოლონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულით იგებდნენ, მაგრამ ამ უპირატესობისგან მესამე მეოთხედში არაფერი დარჩენილა, რადგან „ლიონმა“ მესამე ათწუთეული 13 ქულით მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდში ფრანგებმა ისევ იმძლავრეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 16:38 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 4-ს გაუტოლდა.
მოგეხსენებათ, თორნიკემ მხრის ტრავმა აგვისტოში, ევრობასკეტის წინ მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა და ახალი სეზონის სტარტიც. შენგელიას დაბრუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ერთ კვირაში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება, მანამდე კი ქართველ კალათბურთელს კლუბში სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
„ბოლონია“ ევროლიგაში 2 მოგებით და 4 წაგებით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, იტალიურ დერბიში „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება.