ჩოგბურთი

1:32 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი დაშავდა, რუნე ნახევარფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კარლოს ალკარასმა, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში, დანიელ ჰოლგერ რუნესთან შეხვედრაში, მუცლის პრესის ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა. 19 წლის რუნეს ნახევარფინალში მეტოქედ ეყოლება კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმე, ვისაც უკვე ზედიზედ 16 თამაში აქვს მოგებული.

რუნემ ალკარასთან შეხვედრის პირველი სეტი 6-3 მოიგო და მეორე სეტშიც უპირატესობა ჰქონდა. თუმცა ესპანელმა თამაშის შემობრუნება შეძლო და საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა. თუმცა ოთხი ბურთის გათამაშების შემდეგ, ტკივილის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას თამაში აღარც გაუგრძელებია.

ალკარასს ცხრა დღეღა რჩება იმისთვის, რომ ATP-ს ფინალისთვის მოემზადოს, რომელიც ტურინში 13-20 ნოემბერს გაიმართება. რუნე კი თავის კარიერაში პირველად გავიდა ATP მასტერს 1000-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში.

22 წლის აუგერ-ალიასიმემ 6-1, 6-4 მოუგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოს. მას ამ სეზონში ATP-ს ტურზე ზედიზედ სამი ტიტული (ფლორენციაში, ანტვერპენსა და ბაზელში) აქვს მოპოვებული და შანსი აქვს, ზედიზედ მეოთხედაც ასწიოს ჩემპიონის თასი.

კანადელმა პირველი სეტი იოლად მოიგო. ტიაფომ მეორეში გაიბრძოლა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ანგარიშის გასათანაბრებლად. მან ხუთი მატჩ პოინტი მოიგერია, მაგრამ აუგერ-ალიასიმემ მეექვსე ცდაზე საწადელს მაინც მიაღწია და შეხვედრა 93 წუთში დაასრულა.

„სულ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. რა თქმა უნდა, კარგად ვთამაშობ, მაგრამ არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია. ეს თამაშის კიდევ უფრო დახვეწის საშუალებას მომცემს“, - ამბობს აუგერ-ალიასიმე.

დარჩენილ ორ მეოთხედფინალიდან, ერთში მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ ლორენცო მუსეტის შეხვდება, მეორეში კი ერთმანეთს ამერიკელი ტომი პოლი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.

0.135081