კარლოს საინსის აზრით, სეზონის დასაწყისში უფრო სტაბილური რომ ყოფილიყო, მაქს ფერსტაპენი ამდენ რბოლას ვერ მოიგებდა. ესპანელი დარწმუნებულია, რომ „ფერარი“ მომავალი სეზონისთვის შესანიშნავ მანქანას მოამზადებს, რაც მის პილოტებს, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.
„არ ველოდი, რომ სეზონის დასაწყისში, თანაგუნდელს ასე ჩამოვრჩებოდი. ამას არასდროს ელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი მანქანით ასპარეზობ. სეზონის დასაწყისში უფრო კომფორტულად რომ მეგრძნო თავი, მაქს გაცილებით გაუჭირდებოდა. მე და შარლი მას გაცილებით მეტ წინააღმდეგობას გავუწევდით“, - ამბობს საინსი.
ის დასძენს, რომ ფერსტაპენმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ამ სეზონში მას და „რედ ბულს“ ბადალი არ ჰყავდათ და საკუთარ სამუშაოს საოცრად გაართვეს თავი.
„მომავალ სეზონში ჩემი მიზანი, გამოსვლების იმ დონეზე დაწყებაა, რომელზეც ახლა ვარ. ამით მეტოქეებს საქმეს გავურთულებთ. ახალი სეზონი, ახალი მანქანა, ახალი წესები, რომლებიც ძირის კონფიგურაციის შეცვლას მოითხოვს - ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალი შანსია. მჯერა, რომ ამ სეზონიდან საჭირო დასკვნებს გავაკეთებთ და გუნდი შესანიშნავ მანქანას მოამზადებს. მე ბრძოლისთვის მზად ვარ და იმასაც ველი, რომ პროგრესი მერსედესსაც ექნება. როგორც ჩანს, ისინი საჩემპიონო ბრძოლას დაუბრუნდებიან“, - დასძენს საინსი.