ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ერკინება.
„მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, უკვე შევთამაშდით და ნოემბრის ტესტებს მომზადებულები ვხვდებით. მიზანი რა თქმა უნდა სამივე შეხვედრის მოგებაა და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც მარტივად აუღეს ალღო სიტუაციას და ძალიან კარგ ფორმაში არიან. განვიხილეთ ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები და მათ ჩვენს ძლიერ მხარეებს დავუპირისპირებთ“ – განაცხადა ვარჯიშის შემდეგ გიორგი კვესელაძემ.
„სამწუხაროდ, გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ სპორტი დანაკლისის გარეშე წარმოუდგენელია. მათ ნაცვლად გუნდში არიან დებიუტანტები. დღეს გვქონდა მაღალი ინტენსივობის ვარჯიში. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და ამ ენერგიას სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი თამასა იმდენად აიწია, რომ უფლება არ გვაქვს ურუგვაისთან ხარისხიანი თამაში არ ვაჩვენოთ“ – აღნიშნა ბექა საღინაძემ.
RUGBY.GE