ავტოსპორტი

0:20 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესი ჰამილტონს ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობს

„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა ლუის ჰამილტონს განუცხადა, რომ გუნდში ერთი ადგილი მისი მანამ იქნება, სანამ თვითონ ისურვებს. და ამის შესაძლებლობა მას შემდეგაც მიეცემა, როდესაც 40 წელს გადააბიჯებს.

ჰამილტონს იანვარში 38 წელი შეუსრულდება. მას გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის სეზონის ბოლოს დაუმთავრდება. თავად ახალი, მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს და როგორც ჩანს, ამაზე უარს არავინ ეტყვის.

კითხვაზე, ვინ შეიძლება დაიკავოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ადგილი, ვოლფმა უპასუხა: „ეს ასი პროცენტით მისი ადგილია“. მანვე დაამატა, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.

„მერსედესი“ ტურბო ჰიბრიდული ძრავების ეპოქაში, თავის ყველაზე უარეს სეზონს ატარებს. ჰამილტონიც, როგორც ჩანს, პირველად დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატს ისე, რომ გამარჯვება არ ექნება. ამის მიუხედავად, სამქიმიანებს იმის იმედი აქვთ, რომ კონსტრუქტორებში „ფერარის“ გადაასწრებენ და მეორე ადგილს დაიკავებენ.

„ჯერ სეზონს დავასრულებთ და ზამთარში ამის დროც მოგვეცემა. ის ჩვენთვის მრბოლზე მეტია. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ გვისაუბრია. მაგრამ ალბათ დროა, ვილაპარაკოთ მისი, როგორც მერსედესის ელჩის როლზე. იგივე სურს ჩვენი სპონსორების უმეტესობას“, - ამბობს ვოლფი.

თანამედროვე ფორმულა 1-ში, რბოლის ყველაზე ხნიერი გამარჯვებული ნაიჯელ მენსელია, ვინც 1994 წელს, 41 წლისამ მოიგო რბოლა. კიმი რაიკონენმა 2018 წელს, 39 წლისამ გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113515