„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, წელიწადში ჯამაგირად 9 მილიონ ევროს იღებს. ამისდაკვალად, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია სერია A-ში - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი.
მეორე ადგილზე „რომას“ დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ გახლავთ (7 მილიონი წელიწადში). მესამეზე - „ინტერის“ მწვრთნელი სიმონე ინძაგი (4 მილიონი).
„ნაპოლის“ მეთაური, ლუჩანო სპალეტი, წელიწადში 3,2 მილიონს გამოიმუშავებს. ის ნეაპოლურ კლუბს 2021 წლის მაისიდან წვრთნის. ამ პოსტზე ფლორენციელმა სპეციალისტმა ჯენარო გატუზო შეცვალა, რომელიც ახლა „ვალენსიის“ დამრიგებელია.
ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-19 წლებში ხელმძღვანელობდა. 2021-ში ისევ დაბრუნდა ტურინულ კლუბში, რომელიც ამჟამად არცთუ კარგ მდგომარეობაშია. იტალიის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ, 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგაზე კი H ჯგუფში ხუთიდან ოთხი თამაში წააგო და, ცხადია,ფლეი-ოფში ვერ გავიდა.