ფეხბურთი

1:49 | 30.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "ინტერმა" ზედიზედ მეოთხე და "იუვენტუსმა" მესამე თამაში მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში „ინტერმა“ და „იუვენტუსმა“, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყეს და ახლაც არ აქვთ იდეალური ვითარება, გამარჯვებები მოიპოვეს.

ტურინული გრანდი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და „ლეჩეს“ სერიოზული საკადრო პრობლემებითაც ეწვია. მასიმილიანო ალეგრის 10(!) ფეხბურთელი ტრავმების გამო აკლდა, მათ შორის, დუშან ვლაჰოვიჩი, მანუელ ლოკატელი, ლეანდრო პარედესი, გლეისონ ბრემერი, ფედერიკო კიეზა, პოლ პოგბა, ანხელ დი მარია... მიუხედავად ამისა და მიუხედავად უხარისხო ფეხბურთისა, „იუვემ“ მაინც მოიგო და ეს ახალგაზრდა ფეხბურთელების, სამუელ ილინგ-ჟუნიორისა და ნიკოლო ფაჯოლის დამსახურებაა. ინგლისელის პასით იტალიელმა 73-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ტურინულ გრანდს მოაგებინა. ეს ფაჯოლის სადებიუტო გოლია შავ-თეთრების რიგებში. „იუვემ“ სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 22 ქულა დააგროვა, თუმცა, ჯერ ლიდერებიდან ისევ ძალიან შორსაა.

„ინტერი“ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და გენუის „სამპდორიას“ კარგ ხასიათზე დაუხვდა. სიმონე ინძაგის გუნდმა სტეფან დე ვრეის, ნიკოლო ბარელასა და ხოაკინ კორეას გოლებით 3:0 მოიგო და 24 ქულა დააგროვა. სხვათა შორის, „ინტერს“ სერია A-ში ბოლო ოთხი თამაში ზედიზედ აქვს მოგებული. სხვათა შორის, მომდევნო ტურში "ინტერი" და "იუვენტუსი" ერთმანეთს ტურინში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-12 ტური მანამდე „ნაპოლის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით გაიხსნა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ვიქტორ ოსიმენის ჰეთ-თრიქით და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით „სასუოლო“ 4:0 გაანადგურა და 32 ქულით ლიდერია.

„ნაპოლი“ – „სასუოლო“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (4), 2:0 ოსიმენი (19), 3:0 კვარაცხელია (36), 4:0 ოსიმენი (77)

„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ფაჯოლი (73)

„ინტერი“ – „სამპდორია“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დე ვრეი (21), 2:0 ბარელა (44), 3:0 კორეა (73)

0.11877