სხვა

23:58 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთთან ბრძოლის შემდეგ, ლომაჩენკო რინგს უბრუნდება

კრივში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რინგს უბრუნდება. პაუზა იმით იყო გამოწვეული, რომ მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრისთანავე, მსუბუქ წონაში (61 კგ) მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი (WBO-ის, WBA-ის, WBC-ს და ჟურნალ რინგის ვერსიებით), სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩაეწერა.

„ლომა“ ბრძოლას გაზაფხულზე აპირებდა, მაგრამ თებერვალშივე შეწყვიტა ვარჯიში. მისი მეტოქე იყო და ახლაც არის ამერიკელი ჯემეინ ორტისი. შეხვედრა ამ შაბათს, ნიუ იორკში გაიმართება.

„ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ნორმალური გადაწყვეტილება, როგორსაც ყველა მამაკაცი მიიღებს, როდესაც მისი სამშობლოა დასაცავი“, - ამბობს ლომაჩენკო და დასძენს, რომ ყველაზე რთული, ომის პირველი დღეები იყო.

„დასაწყისში რუსულმა ძალებმა ძალიან სწრაფად წაიწიეს წინ. ქალაქს ქალაქზე იღებდნენ და კიევისკენ მოიწევდნენ. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორი იქნებოდა მომდევნო დღე შენს მახლობლად, შენს რეგიონში“, - ყვება 34 წლის ლომაჩენკო, ვისაც პროფესიონალურ რინგზე 18 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 16 მოიგო (11 ნოკაუტით) და 2 წააგო.

სხვა უკრაინელ მოხალისებთან ერთად დგომისას, მან გააცნობიერა, რომ უკრაინელები სიმამაცით გამოირჩევიან და სამშობლოს დასაცავად, თავის გასაწირად მზად არიან. ის სამ წონით კატეგორიაში იყო მსოფლიო ჩემპიონი და ამბობს, რომ რინგზე მიღებული გამოცდილება, ომშიც დაეხმარა:

„რა თქმა უნდა, კრივის ომთან შედარება შეუძლებელია. ომში რაკეტებთან და ჭურვების ნამსხვრევებთან გაქვს საქმე და შენზე არაფერია დამოკიდებული. მაგრამ სხვებთან შედარებით, მაინც უკეთ ხარ მომზადებული“.

კითხვაზე, რას იტყვის რუსეთის პრეზიდენტზე, ვინც უკრაინაში შეჭრას, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, ლომაჩენკო პასუხობს: „მას ღმერთი განსჯის“.

ლომა ამბობს, რომ ომში სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ მან თავს მოკრივის კარიერის განახლების უფლება მისცა.

ორტისთან ბრძოლა "მედისონ სკვერ გარდენში" ჩატარდება და თუ ლომაჩენკო მოიგებს, მსუბუქ წონაში აბსოლუტურ ჩემპიონთან, ამერიკელ დევინ ჰეინისთან შეხვედრის უფლებას მოიპოვებს.

0.118334