მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა მოიგო, რითაც „რედ ბულს“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ვადამდე გაანაღდებინა. ეს გუნდის მფლობელის, ავსტრიელ მილიარდერ დიტრიხ მატეშიცის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მოხდა.
ფერსტაპენს შუა რბოლისას, ქარის გამო პრობლემები ჰქონდა, მეორე პირ სტოპზე კი გუნდმა ზედმეტად შეაყოვნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემპიონმა ბოლომდე იბრძოლა და ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, ლიდერობა ჩამოართვა ლუის ჰამილტონს, ვისაც ამ სეზონში პირველი გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.
ამგვარად, დასრულდა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მერსედესის“ ბატონობა, რომელიც რვა წელი გაგრძელდა. ხარებმა 2013 წლის შემდეგ პირველად შეძლეს გუნდური ჩემპიონატის მოგება. და ამით მიაგეს მატეშიცის ხსოვნას, რომელმაც ფორმულა 1-ში ეპოქა შექმნა. „ეს გამარჯვება დიტრიხს ეძღვნება“, - ფინიშის შემდეგ, რადიოთი განაცხადა ფერსტაპენმა.
იმისათვის, რომ „რედ ბულისთვის“ ოსტინშივე ტიტულის განაღდებაში ხელი შეეშალა, „ფერარის“ ხარებზე 19 ქულით მეტი უნდა აეღო. მაგრამ მისი პილოტებიდან ფინიშს მხოლოდ შარლ ლეკლერმა მიაღწია, რომელიც სტარტზე მე-12 იყო, ფინიშთან კი მესამე მივიდა. კარლოს საინსი კი, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, რბოლას პირველივე მოსახვევში გამოეთიშა. მას პირველ მოსახვევში ჯორჯ რასელი დაეჯახა, რამაც „ფერარი“ იმდენად დააზიანა, რომ ესპანელმა რბოლა შეწყვიტა.
ფერსტაპენმა ამ სეზონში მე-13 გამარჯვება (კარიერაში 33-ე) მოიპოვა, რითაც ერთ სეზონში მოგებული რბოლების რეკორდი გაიმეორა. ეს რეკორდი აქამდე მხოლოდ მიხაელ შუმახერს და სებასტიან ფეტელს ეკუთვნოდათ. ეს იყო „რედ ბულის“ ზედიზედ მერვე, ამ სეზონში კი მე-15 გამარჯვება (19 რბოლაში).
ფერსტაპენს 36 წრეზე მეორე პიტ სტოპის შესრულებისას, გუნდმა წინა მარცხენა საბურავის შეცვლა გაუჭიანურა, რის გამოც, მან ბოქსში 11.1 წამი დაჰყო. ის ტრასაზე მედიუმებით, მეექვსე პოზიციაზე დაბრუნდა, მაგრამ მეორემდე გზა მალე გაიკვალა და მალევე ჰარდებით მოასპარეზე ჰამილტონს შეუტია, რომელმაც რეალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:42'11.687
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 5.023
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 7.501
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 8.293
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 44.815
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 53.785
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 55.078
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'05.354
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'05.834
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'10.919
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'12.875
- ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1'15.057
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'16.164
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'21.763
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'24.490
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'30.487
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'43.588
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 35 წრე
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 40 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 56 წრე
უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:38.788 (56-ე წრე)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 391 (ჩემპიონი); 2. შარლ ლეკლერი - 267; 3. სერხიო პერესი - 265; 4. ჯორჯ რასელი - 218; 5. კარლოს საინსი - 202; 6. ლუის ჰამილტონი - 198; 7. ლანდო ნორისი - 109; 8. ესტებან ოკონი - 78; 9. ფერნანდო ალონსო - 71; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. სებასტიან ფეტელი - 36; 12. დანიელ რიკარდო - 29; 13. კევინ მაგნუსენი - 24; 14. პიერ გასლი - 23; 15. ლანს სტროლი - 13; 16-17. მიკ შუმახერი და იუკი ცუნოდა - 12; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდრ ელბონი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 656 (ჩემპიონი); 2. ფერარი - 469; 3. მერსედესი - 416; 4. ალპინი - 149; 5. მაკლარენი - 138; 6. ალფა რომეო - 52; 7. ასტონ მარტინი - 49; 8. ჰაასი - 36; 9. ალფატაური - 35; 10. უილიამსი - 8.