„ნაპოლიმ“ სერია A-ში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა და ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდის გაჩერება ვერც ჟოზე მოურინიოს „რომამ“ მოახერხა.
„სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომა“ მხოლოდ იმ მიზნით იყო გამოსული, რომ მეტოქისთვის ფეხბურთის თამაშში ხელი შეეშალა, რაც გამოუვიდა კიდეც, მაგრამ თვითონ შეტევაში პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია.
„ნაპოლი“ კი მიუხედავად ხისტი ფეხბურთისა, მაინც ახერხებდა სახიფათო იერიშების გაკეთებას და თამაშიც მოიგო. 81-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა შედევრი შექმნა და უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობით ულამაზესი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონში საუკეთესო თამაში არ ჰქონია, გამარჯვებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა, რადგან სხვა თუ არაფერი, ყოველთვის ორი მეტოქე მეურვეობდა და ამის მიუხედავად, მათ პრობლემები მაინც შეუქმნა, დაცვაშიც ბევრი იმუშავა, როცა ამას საჭიროება იყო. შეიძლებოდა კვარას პენალტიც დაერტყა, რომელიც "ნაპოლის" სასარგებლოდ პირველი ტაიმის მიწურულს დაინიშნა, მაგრამ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა. არადა, ხვიჩა ბურთით ხელში ელოდა თერთმეტრმეტრიანის შესრულებას...
ამრიგად, „ნაპოლი“ სეზონში ისევ დაუმარცხებელია - 13 მოგება და 2 ფრე. ნეაპოლიტანურმა გუნდმა ბოლო 11 მატჩი ზედიზედ მოიგო და 1986 წელს დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. ლუჩანო სპალეტის გუნდი 29 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „სასუოლოს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ დაუხვდება.