ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში „ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ჯენარო გატუზოს გუნდი 52-ე წუთზე პენალტით ედინსონ კავანიმ დააწინაურა, მაგრამ 14 წუთში სტუმრებმა ასევე პენალტით გაათანაბრეს. თავი ვედათ მურუქიმ გამოიჩინა. 83-ე წუთზე კი მალიორკელებს კანგ ლიმ მოაგებინა, რომელიც ადრე „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.
გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, დიდი ალბათობით ლის დარტყმასაც მოიგერიებდა, რომ არა რიკოშეტი. 22 წლის ქართველმა მეკარემ 3 „სეივი“ მიითვალა.
Eldesmarque-მ გიორგი 8 ქულა დაუწერა, „ვალენსიაში“ გაბრიელ პაულისტასთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება: „ოთხჯერ მოუწია თამაშში ჩარევა და ყოველთვის კარგი იყო. მას გოლებით პენალტით და რიკოშეტით გაუტანეს“, - წერს გამოცემა.
„ვალენსიამ“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა.