ბერძენმა ჩოგბურთელმა მარია საკარიმ WTA-ს ფინალში თამაშის საგზური მოიპოვა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გვადალახარას ღია პირველობის მეოთხედფინალში, რუსი ვერონიკა კუდერმეტოვა 6-1, 5-7, 6-4 დაამარცხა. საკარი მერვე და ბოლო ჩოგბურთელია, ვინც WTA-ს ფინალის საგზურს დაეუფლა.
კუდერმეტოვას დასამარცხებლად, საკარის 15-დან 14 ბრეიკ პოინტის მოგერიება დასჭირდა. მის გარდა, WTA-ს ფინალში, რომელსაც ტექსასის ფორტ უორტი უმასპინძლებს, ასევე ითამაშებენ: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი, ტუნისელი ონს ჟაბური, ამერიკელები ჯესიკა პეგულა და კოკო გოფი, ფრანგი კაროლინ გარსია, ბელარუსი არინა საბალენკა და რუსი დარია კასატკინა.
„ასეთ შეხვედრებს ცეცხლის გარეშე ვერ მოიგებ. გულის, გამბედაობის, ჟინის გარეშე, ასეთ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებ, ვერაფერს მოიგებ“, - ამბობს საკარი.
გვადალახარას ტურნირს გამოეთიშა კოკო გოფი, ვინც ბელარუს ვიკტორია აზარენკასთან 7-6(2), 4-6, 6-3 დამარცხდა. აზარენკას შანსი აქვს, დაასრულოს ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, ტურნირი არ მოუგია. გოფთან შეხვედრისას მან 13-დან 5 ბრეიკ პოინტი გამოიყენა.
პეგულამ, ვინც ამჟამად თავის კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთს თამაშობს, 6-2, 6-2 დაამარცხა თანამემამულე სლოან სტივენსი. პეგულამ ამ სეზონშიავსტრალიის, საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობების მეოთხედფინალში ითამაშა, რამაც რეიტინგში დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. მან სტივენსის მოწოდება პირველივე გეიმში აიღო და აქედან მოყოლებული, მხოლოდ სამჯერ წააგო თავისი პირველი მოწოდება.