მოტოგრანპრის მალაიზიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, რომელსაც სეპანგის საერთაშორისო წრე მასპინძლობს, „პრამაკ რეისინგის“ ესპანელმა ხორხე მარტინმა მოიგო. მანვე ტრეკის წრის რეკორდიც (წუთი და 57.790 წამი) დააფიქსირა.
მალაიზიის დიდი პრიზი მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ეტაპია. ამ ქვეყანაში რბოლა 2019 წლის შემდეგ პირველად ტარდება. ტიტულისთვის ბრძოლაში მყოფი სამივე მრბოლისთვის, კვალიფიკაცია ერთობ რთული გამოდგა. მარტინისთვის კი, სეპანგზე მოპოვებული პოული ზედიზედ მეორეა. ერთი კვირით ადრე, მან ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაც პირველი პოზიციიდან დაიწყო.
მარტინმა 0.456 წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე იტალიელ ენეა ბასტიანინის, ვინც ტიტულის მცირე შანსს კვლავაც ინარჩუნებს. მესამე შედეგი კი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ესპანელ მარკ მარტინს ჰქონდა.
ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობა იტალიელი ფრანჩესკო ბანიაიას ხელშია, ვინც 14 ქულას უგებს ფრანგ მოქმედ ჩემპიონ ფაბიო კვარტარაროს. ბანიაიამ ავსტრალიაში მესამე ადგილის დაკავებით იგდო ხელთ ლიდერობა. იმავე რბოლაში კვარტარაროს ავარია მოუვიდა და მან ქულაც ვერ აიღო.
სამაგიეროდ, მალაიზიის კვალიფიკაციაზე ბანიაიას მოუვიდა ავარია (მეორე ნაწილში) და მისი ბედი ტიტულის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, ესპანელმა ალეიქს ესპარგარომაც გაიზიარა. რაც შეეხება კვარტარაროს, ის რბოლას მე-12 ადგილიდან დაიწყებს.
ბანიაია სეპანგზევე გაინაღდებს ტიტულს, თუ რბოლას მოიგებს და კვარტარარო რბოლას სამეულს მიღმა დაასრულებს. ბოლო ეტაპი ესპანეთში გაიმართება.