ფორმულა 1-ის ამერიკულმა გუნდმა „ჰაასმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან ახალი ტიტულოვანი სპონსორი ეყოლება. ესაა საფინანსო სფეროს გიგანტი „მანიგრამ ინტერნეიშენლი“. მხარეებმა უკვე გააფორმეს მრავალწლიანი კონტრაქტი, რაც ნიშნავს, რომ ფ1-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.
ეს „ჰაასის“ მესამე ტიტულოვანი სპონსორია. პირველ ორთან ურთიერთობა არცთუ წარმატებული გამოდგა. პირველი იყო ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია „რიჩ ენერჯი“, რომელმაც საკუთარი პრობლემების გამო, ფორმულა 1 ნაადრევად დატოვა.
მეორე სპონსორი იყო რუსული „ურალკალი“, რომელმაც გუნდში საკუთარი პროტეჟე, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი მიიყვანა. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ამის თანმდევი სანქციების გამო, ამერიკულმა გუნდმა „ურალკალისთან“ კონტრაქტი შეწყვიტა და მაზეპინიც დაითხოვა.