ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ წერილი 10 ნომრის შესახებ გამოაქვეყნა.
ორივე გუნდს წარსულში ლეგენდარული 10-იანები ჰყავდა - დიეგო მარადონა და ფრანჩესკო ტოტი. მათი წასვლის შემდეგ კი ამ კლუბებში ამ ნომრით არავის უთამაშია. ავტორიტეტული გაზეთი წერს, რომ პოტენციურად „ნაპოლის“ 10 ნომრის ტარება ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია, რომელმაც აჩვენა, რომ საამისოდ ყველაფერი აქვს.
„მარადონა ვერ გახდება, მაგრამ 10 ნომერი შეიძლება მოირგოს. „ნაპოლიმ“ სტადიონს დიეგო მარადონას სახელი მიანიჭა და მისი ნომერიც ხმარებიდან ამოიღო. ვერავინ მოირგებს „ნაპოლიში“ ამ ნომერს, თუ დროთა განმავლობაში გადაწყვეტილება არ შეიცვლება. „რომაშიც“ 10 ნომრით არავის უთამაშია მას შემდეგ, რაც 2017 წელს ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა დაასრულა და მისი ჩაცმა ვერავინ გაბედა. ვერც პაულო დიბალამ, რომელსაც საამისოდ ყველა მონაცემი აქვს, მაგრამ არგენტინელმა 21 ნომერი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ტოტიმ შესთავაზა 10 ნომერი მოერგო. წლების წინ ტოტიმ თქვა: „არ მინდა, ბავშვებს წავართვა 10 ნომრიანი მაისურის ტარების ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, მისი ტარება იოლი არ იქნება. დროთა განმავლობაში შეიძლება ვიპოვოთ ახალი ტოტი ან მესი, შეიძლება მე თვითონ გადავცე“.
ახალი ტოტისა და ახალი მარადონას მოლოდინში მოდით კვირა საღამოს „რომა“ – „ნაპოლის“ მატჩით დავტკბეთ. „ნაპოლი“ ლიდერია, „რომა“ - მეოთხე. ძლიერი გუნდები და მაღალი დონის მოთამაშეები. „რომას“ დიბალა ტრავმის გამო დააკლდება, ფეხბურთელი, რომელსაც ტოტის 10-იანის ტარება შეუძლია, მაგრამ მოედანზე იქნება 7 ნომერი, კაპიტანი და რომანისტა ლორენცო პელეგრინი. „ნაპოლიში“ პოტენციური 10 ნომერი ახალი კაცია, 77-ე ნომერი ხვიჩა კვარაცხელია, ტექნიკური გარემარბი. თავი პელეგრინით და კვარაცხელიათი დავიმშვიდოთ. არც ერთია ტოტი და არც მეორე მარადონა, არც არასდროს იქნებიან, მაგრამ ფეხბურთი გრძელდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტოტი მართალია: ნომერი არ შეიძლება სამუდამოდ ვინმეს ეკუთვნოდეს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.