სხვა

21:59 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიურიმ ისევ დერეკ ჩისორასთან ბრძოლა გადაწყვიტა

მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ ისევ თანამემამულე დერეკ ჩისორასთან შეხვედრა გადაწყვიტა. ეს მათი მესამე ბრძოლა იქნება და ის ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე, დეკემბერში ჩატარდება. იმავდროულად, თითქმის აღარაა იმის შანსი, რომ ფიურის პირისპირ, მისი კიდევ ერთი თანამემამულე, ენტონი ჯოშუა დადგეს.

34 წლის ფიურის ჩისორა ორჯერ, 2011 და 2014 წლებში ჰყავს დამარცხებული. ეს იქნება ფიურის პირველი ბრძოლა მას შემდეგ, რაც აპრილში ბრიტანელი დილიან უაითი ნოკაუტით დაამარცხა (ფოტოზე). მაგრამ კრივის სამყარო მისგან უფრო საინტერესო მეტოქესთან შეხვედრას ელოდა, როგორიც არის ჯოშუა.

ფიურისა და ჯოშუას შორის მოლაპარაკება დაწყებული იყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა და WBC-ს ჩემპიონმაც უქმედ ყოფნას, ჩისორასთან დაპირისპირება არჩია. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ირწმუნებოდა, რომ რინგზე დაბრუნებას აღარ აპირებდა და იმავდროულად, დაბრუნებისთვის უცნაურ წინაპირობებს აყენებდა.

ფიურის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ არსებულ მოკრივეებს შორის, 38 წლის ჩისორა ყველაზე რეიტინგული მეტოქეა. მაგრამ ფაქტია, რომ ბუკმეიკერები, ფიურისა და ჩისორას ბრძოლაზე ფსონებს 10-1 კოეფიციენტს უწერენ.

0.1516