NBA-ს ახალი სეზონის განახლებამდე ცოტა დრო დარჩა და გუნდები პრესეზონის მატჩებით ხურდებიან. თითოეულმა გუნდმა 5 შეხვედრა ჩაატარა და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმაც“, რომელიც როგორც ჩანს ფორმაში ჯერ ვერ შევიდა, რადგან ხუთივე მატჩი დათმო.
აღსანიშნავია, რომ „ბაქსმა“ ყველაზე მეტად „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ იბრძოლა, სადაც 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ყველაზე დიდი სხვაობით კი „ჩიკაგო ბულსთან“ წააგო - 127:104.
სანდრომ და მისმა თანაგუნდელებმა გუშინ „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ითამაშეს, ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაში არასრული 5 წუთი მიეცა, თუმცა ამ დროში ვერაფერი მოასწრო. მატჩი კი ბრუკლინელთა გამარჯვებით 107:97 დასრულდა.
პრესეზონის მატჩებზე კომენტარი გუნდის ლიდერმა იანის ანტეტოკუმპომ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ეს მატჩები რეგულარული სეზონისგან განსხვავდება და ახლა მხოლოდ სწორი ტაქტიკის შემუშავებისთვის თამაშობენ.
„5 მარცხი? ეს არ მაწუხებს. ახლა მნიშვნელოვანია სწორი მიდგომის, სწორი ჩვევების გამომუშავება, სწორედ ამაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მოტივაცია და გაბრაზება გვაკლია. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით წინასასეზონო ეტაპზე ვართ. ჩვენ გვაქვს მთელი რეგულარული სეზონი, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და საკუთარი თავი ვიპოვოთ“, - განაცხადა ბერძენმა კალათბურთელმა.
გეტყვით, რომ „მილუოკი ბაქსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 21 ოქტომბერს, „ფილადელფია სიქსერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.