ფეხბურთი

10:26 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

(არა)ჩვეულებრივი თამაში

„დიდი გამარჯვებების ადგილი“ - წლების განმავლობაში ყოვლად უტიფრად ეწერა ბოლონიის ლეგენდარულ სტადიონ „რენატო დელ არას“ შესასვლელთან სანამ ჟამთა მდინარებამ წარწერა არ გაახუნა, გააფერმკრთალა და სტადიონის მთქნარია მენეჯმენტი ბოლოს იძულებული გახდა წარწერა ჩამოეხსნა და მის ნაცვლად საკლუბო დროშა აეფრიალებინა.

მართლაცდა უტიფარი ვინმე უნდა იყო ამ სტადიონს „დიდი გამარჯვებების ადგილი“ უწოდო ახლა, როდესაც „ბოლონია“ დიდი ხანია სერია ა-ში დასარჩენად იბრძვის და წლიდან-წლამდე მრავალს ეწურება რაიმე ხელშესახები წარმატების იმედი.

სად არის დიდი გამარჯვებები და კარგი ცხოვრება? სადღა არიან ჯუზეპე სავოლდო და ანჯელო სკიავიო, ჰარალდ ნილსენი და ჯაკომო ბულგარელი? ახლა „დელ არას“ მინდორზე მხოლოდ მიშელ აებიშერები და სუმაოროები დარბიან. არც ადრე იყო ეს გუნდი განსაკუთრებით წარმატებული და ფრთაგაშლილი, მაგრამ ახლანდელი დრო ბევრად ცუდია, ვიდე უწინდელი.

და მიუხედავად ყველაფრისა, თურმე მაინც არაფერი სჯობს შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ საღამოს „რენატო დელ არას“ ტრიბუნაზე ჯდომას და იმის ნახვას, „ბოლონიას“ ტანჯვა-წამების მიუხედავად, მაინც როგორ ახერხებს ბოლოადგილოსანი „სამპდორია“ გენუაში ერთი ქულით დაბრუნებას და ამ ამბავს გენუური ტიფოზერია ლამის დავითისა და გოლიათის ჯახად აღიქვამს.

მოდით თავიდან მივყვეთ... თბილისური ჩვევისამებრ, სტადიონზე “ბოლონია“-“სამპდორიას“ შეხვედრის დაწყებამდე გვარიანად ადრე მივედი. თამაში სამ საათში იწყებოდა და ალაგ-ალაგ თუ გადაეყრებოდი მატჩის დაწყების წინ გვარიანად გამობრუჟულ მობანცალე ბოლონიელ ქომაგებს, რომლებსაც საქომაგო შარფები კისერზე დაეხვიათ და ისე იბუზებოდნენ, თითქოს შემოდგომის გრილი საღამო კი არა სუსხიანი ზამთარი ყოფილიყოს. საერთოდ, იტალიელები ცოტა მცივანა ხალხია და პატარაზე წვიმა წამოწინწკლავს თუ არა, ეგრევე თბილად იცვამენ და თავზე თბილ ქუდებს იმხობენ.

სხვადასხვა საგულშემატკივრო ატრიბუტის გამყიდველმა, ჩვენი ქართველობის გაგებით ნამეტანი გაიოცა და გვითხრა - წესით, თქვენ აქ კი არა, ნაპოლის შეხვედრაზე უნდა იყოთ კრემონაშიო. ნეაპოლელები და ხვიჩა მეორე დღეს თამაშობდნენ ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წინააღმდეგ და რა გასაკვირია იმ გამყიდველმა კაცმაც კარგად იცოდა, რომ კვარაცხელიათი გაფერადებული პირველადგილოსანი „ნაპოლის“ თამაში ქართველისთვის ასმაგად უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ორი აუტსაიდერის - „ბოლონიას“ და “სამპდორიას“ ჯაჯგური და ფაფხური.

2022-2023 წლების საფეხბურთო სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ მესამედია გასული და იტალიელებმა ხვიჩა კვარაცხელიაზე იმაზე მეტი იციან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. „ნაპოლის“ გარდა, ლამის ყველა კლუბის ქომაგი საკუთარი გუნდის ხელმძღვანელობას აგინებს იმის გამო, რომ პირველებმა მათ ვერ შეამჩნიეს ხვიჩას დიდი ნიჭი და სახელდობრ მათ ვერ შეძლეს უმაგრესი ქართველის ხელში ჩაგდება. „ბოლონიას“ ქომაგებიც სწორედ ამიტომ იყვნენ გაბრაზებული გუნდის ხელმძღვანელებზე - ბოთე ვინმეები არიან, მაგათ ტვინი რომ ქონოდათ, „კვარაშელია“ ახლა იმ გადარეულ სამხრეთულ ქალაქში კი არა, ჩვენს დიდებულ სტადიონზე ირბენდაო.

ვერავის შევედავები და ვეკონკურენტები ესთეტიკის ამბავში, მაგრამ ბოლონიას სტადიონი “რენატო დელ არა“ მართლაც რომ საოცრად ლამაზი და ფრიად ორიგინალური რამ მგონია. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შემდეგ ნიჭიერმა იტალიელმა არქიტექტორებმა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული ულამაზესი ღობე და გარე კედელი კი არ დაანგრიეს, არამედ გონივრულად და ჰარმონიულად შეუხამეს ახალი სტადიონის კონსტრუქციას. როდესაც ბოლონიის მთავარ არენაზე შედიხარ, ერთბაშად იგებ სიძველის „მუღამსაც“ და უნებლიე პატივისცემით იმსჭვალები იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარი ისტორია და წარსული დააფასა, შეინახა და არქიტექტურულ ღირებულებად აქცია.

სტადიონის ერთი ნაწილი ძველი ციხესიმაგრის კედელს ებჯინება, საიდანაც უზარმაზარ ორასწლოვან თაღებზე გადადიხარ და იქიდან ბოლონიის ისეთი ხედი იშლება, იმის დანახვას მართლაც რომ არაფერი სჯობს.

ორ სიტყვას სტადიონისკენ მიმავალ ტრანსპორტზეც გეტყვით. მე და ჩემმა მეგობარმა თავი გამოვიდეთ და 3 კილომეტრი ფეხით ვიარეთ სტადიონამდე. „ბოლონიას“ ქომაგებს კი საშუალება ჰქონდათ თამაშზე სარეისო ავტობუსების გარდა, მერიის მიერ იმ დღისთვის სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მისულიყვნენ. ეს ავტობუსები ისეთ გარეუბნებში ინიშნება, საიდანაც სტადიონზე მოსახვედრად ბევრი ტრანსპორტის ცვლაა საჭირო. აი, მაგალითად წარმოიდგინეთ, ბათუმის „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონატის რიგით თამაშზე მისაყვანად ბათუმის მერიამ ავტობუსები გონიოში, სარფსა და ჩაქვში რომ გააგზავნოს. ხომ დაუჯერებელია?..

...შეხვედრა იყო, როგორც უკვე ვთქვით, ჯაჯგურით და ჩეხვით სავსე. თავიდან მასპინძლების მიერ გატანილმა გოლმა ბოლონიელები ისე აღაფრთოვანა, ზოგმა მაისურებიც კი გაიხადა და გენუელ ტიფოზებს გადაუგდო, აქედან სუვენირად და მარცხის გასახსენებლად წაიღეთო. თუმცა, მეორე ტაიმში „სამპდორიამ“ ნამდვილად აჯობა ბოლონიელებს, გამათანაბრებელი გოლიც დამსახურებულად გაიტანეს და მეტი იღბალი რომ ყოფილიყო, მინიმუმ ერთი მაინც კიდევ უნდა გაეტანათ.

ფრემ ძალიან გაანაწყენა ბოლონიელი ტიფოზერია. იყო დიდი ზმუილი და სიტყვათა თამაში. დაკარგული ორი ქულის გამო გუნდის მწვრთნელ ტიაგო მოტას აგინებდა ყველა დიდიან-პატარიანად და სტვენით ტოვებდა მინდორს. აღარავინ კრულავდა გენუელ ქომაგებს, რომლებიც სიმღერითა და დროშების ქნევით პოლიციის მიერ გაკეთებული კორდონით ტოვებდნენ „რენატო დელ არას“.

მორჩა თამაში. ჩვენც გამოვედით გარეთ. მივიკვლევდით გზას ხალხის მასაში და მშურდა, ძალიან შურდა ამ ხალხის! მშურდა ის, რომ საოცარ სტადიონზე ორ კვირაში ერთხელ მაინც ხედავენ ნამდვილ ფეხბურთს. განიცდიან ჭეშმარიტ ემოციებს, ყავთ ნამდვილი ქომაგები და მიუხედავად აუტსაიდერობისა, მომავალს მაინც მუდამ იმედიანად უყურებენ.

ბოლოს და ბოლოს ისეთი რა ვნახე? ვნახე იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის კანდიდატი გუნდების თამაში. მსგავსი თამაშები ევროპაში მუდამ იყო და იქნება, მაგრამ ეს მაინც დიდი რამეა ქართველისთვის, რომელმაც იცის, რომ მის ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთი უბრალოდ არ არსებობს. ქვეყანაში, სადაც ყოველი ევროტურნირის დაწყების წინ ქომაგებს შიში იპყრობს, რადგან იციან, კიდევ ერთხელ მოგვეჭრება მთელს ევროპაში თავი. ქვეყანაში, სადაც ხელოვნურად გაპიარებულ, ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ გუნდებს ჯერ ტაშს უკრავენ, დითირამბებს უძღვნიან, „მიდით ბიჭებო მიაწექითო“ - ეძახიან და მერე გინებით იკლებენ იმის გამო, რომ ევროტურნირებზე ამ გუნდმა ერთი კინკილა გამარჯვებაც კი ვერ მოახერხა.

ბოლონიაზე კი მეტი რა უნდა ვთქვა? ამ სეზონში სულაც რომ გავარდეს მათი საყვარელი კლუბი, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ მინიმუმ 20 ათასი კაცი მაინც („დელ არაზე“ დაახლოებით სწორედ ამდენი კაცი იჯდა ჩვენს მიერ ნანახი ორი აუტსაიდერის შეხვედრაზე) არ დაიზარებს, მივა და გულით და ჯიგრით დაიყვირებს: „ფორცა ბოლონია, ფორცა ემილია-რომანია!“.

ლევან სეფისკვერაძე იტალიიდან

0.114925