საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამსტერდამის „აიაქსს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
Relevo-ს ინფორმაციით, „აიაქსს“ მამარდაშვილის დამატების შანსი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ჰქონდა და მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მაგრამ შემდეგ მათი გეგმები შეიცვალა და გადაწყვიტეს, აქცენტი სხვა პოზიციების გაძლიერებაზე გაეკეთებინათ. შედეგად, „სევილიადან“ შემტევი ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი დაიმატეს.
თუმცა, „აიაქსს“ ახალი მეკარე მომდევნო ზაფხულსაც დასჭირდება, რადგან გუნდში ამჟამად მხოლოდ ვეტერანი მეკარეები, რემკო პასვეერი და მარტენ სტეკელენბურგი არიან. იმის მიუხედავად, რომ „ვალენსიამ“ გიორგის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 100 მილიონი ევრო ჩაწერა, ცხადია, მოლაპარაკებები შესაძლებელია და ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი აუცილებლად ამ ფასში უნდა შედგეს. შესაბამისად, ნიდერლანდელებს მოლაპარაკებების იმედი აქვთ.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.