ფეხბურთი

1:23 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსამ" შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ძალიან მცირე, "ლივერპულმა" "რეინჯერსი" გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ჩვენთვის მთავარი ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იყო, რის შესახებაც უკვე დავწერეთ. ქართველმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, იტალიური კლუბი კი მერვედფინალში გავიდა, ისევე, როგორც ადრიანი მატჩებიდან ბელგიური „ბრიუგეც“.

მერეც დიდი ამბები მოხდა: მერვედფინალში გავიდა მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც ჩეხეთში „პლაზენი“ იოლად, 4:2 დაამარცხა. მიუნხენელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ 4:0-ს და რასაკვირველია, მარტივად მოიგეს. „ბაიერნს“ 12 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. სამაგიეროდ, „ბარსელონა“ დიდი ალბათობით, ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

ჩავის გუნდს „ინტერთან“ აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, სასურველი შედეგი ფრეც ვერ იქნებოდა. „კამპ ნოუზე“ საოცარი თამაში შედგა და „ბარსა“ ფორმალურ შანსს ჯერ კიდევ რომ ინარჩუნებს, ეს მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამსახურებაა. პირველი ტაიმი ესპანელებმა უსმან დემბელეს გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მილანელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. ჯერ ნიკოლო ბარელამ გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ლაუტარო მარტინესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ფიასკოს წინაშე დააყენა. „ინტერს“ რომ მოეგო, ჯგუფიდან გავიდოდა, ხოლო ესპანური კლუბი - ჩარჩებოდა. ამიტომაც, კატალონელებმა შეუტიეს და 82-ე წუთზე ლევანდოვსკიმ წონასწორობა აღადგინა კიდევაც. და მაინც, 89-ე წუთზე იტალიელებმა ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც რობინ გოსენსის გოლით დასრულდა, მაგრამ აქ ლაუტაროს შეუდარებელი პასია გამოსარჩევი - 2:3. ეს უკვე „ბარსასთვის“ მართლაც ტრაგედია იყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ისევ გაათანაბრა - 3:3! მიუხედავად ამისა, „ინტერს“ მოგება მაინც შეეძლო - 94-ე წუთზე კრისტიან ასლანი ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა და გერმანელმა მეკარემ ესპანელები იხსნა, იხსნა კოშმარისგან. საბოლოოდ, ფრე 3:3 და „ბარსელონა“ მაინც ახლოსაა ჯგუფში ჩარჩენასთან. მომდევნო ტურში „ინტერი“ შინ „პლზენს“ თუ მოუგებს, „ბლაუგრანას“ ვეღარაფერი უშველის და აუცილებლად ჯგუფში ჩარჩება. ასე რომ, ჩავის გუნდი მძიმე ვითარებაშია.

მერვედფინალთან ძალიან ახლოსაა „ლივერპული“, რომელმაც „აიბროქსზე“ „რეინჯერსი“ გააცამტვერა - 7:1! არადა, ანგარიში შოტლანდიელებმა გახსნეს და ტაიმიც 1:1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქეს გადაურბინა. ჰეთ-თრიქი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა და ეს 6-წუთიან ინტერვალში გააკეთა, შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა. ამ ჯგუფიდან „ნაპოლი“ უკვე გასულია, „ლივერპული“ კი „აიაქსს“ 6 ქულით უსწრებს და წესით მერვედფინალში გასვლა არ გაუჭირდება.

„პორტუმ“ ლევერკუზენში, „ბაიერს“ 3:0 აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა. ამ ჯგუფიდან ყველასდა მოულოდნელად „ბრიუგე“ უკვე გავიდა, მეორე პოზიციისთვის დიდი ბრძოლაა - „პორტუს“ 6 ქულა აქვს, „ატლეტიკოს“ 4 და „ლევერკუზენს“ – 3. შესაბამისად, ყველაფერი დარჩენილ ორ ტურში გადაწყდება.

„მარსელმა“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მიჯრით მეორედ მოიგო, თანაც ისევ „სპორტინგთან“. ამჯერად, სტუმრად 2:0. არადა, პორტუგალიელებს საწყის ორ ტურში 6 ქულა ჰქონდათ და ფრანგებთან ვერაფერი გააწყვეს. ლონდონის „ტოტენჰემმა“ შინ „აინტრახტი“ 3:2 დაამარცხა და გალიდერდა. თუმცა, ამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი გასარკვევია, რადგან ალბათ, ყველაზე დაძაბული ვითარებაა: „ტოტენჰემი“ 7 ქულა, „მარსელი“ და „სპორტინგი“ 6-6, „აინტრახტი“ – 4.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო კვირაში შესვენებაა და მეხუთე ტური 25-26 ოქტომბერს გაიმართება.

„ბარსელონა“ – „ინტერი“ 3:3 (1:0)

გოლები: 1:0 დემბელე (40), 1:1 ბარელა (50), 1:2 ლაუტარო (63), 2:2 ლევანდოვსკი (82), 2:3 გოსენსი (89), 3:3 ლევანდოვსკი (90)

„ლევერკუზენი“ – „პორტუ“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 გალენო (6), 0:2 ტარემი (53, პენ), 0:3 ტარემი (64, პენ)

„პლზენი“ – „ბაიერნი“ 2:4 (0:4)

გოლები: 0:1 მანე (10), 0:2 მიულერი (14), 0:3 გორეტცკა (25), 0:4 გორეტცკა (35), 1:4 ვლკანოვა (62), 2:4 კლიმენტი (75)

„რეინჯერსი“ – „ლივერპული“ 1:7 (1:1)

გოლები: 1:0 არფილდი (17), 1:1 ფირმინო (24), 1:2 ფირმინო (55), 1:3 ნუნიესი (66), 1:4 სალაჰი (76), 1:5 სალაჰი (80), 1:6 სალაჰი (81), 1:7 ელიოტი (87)

„სპორტინგი“ – „მარსელი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 გენდუზი (20), 0:2 სანჩესი (30)

„ტოტენჰემი“ – „აინტრახტი“ 3:2 (3:1)

გოლები: 0:1 კამადა (14), 1:1 სონი (19), 2:1 კეინი (28), 3:1 სონი (36), 3:2 ალიდუ (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111493