ძიუდო

14:16 | 10.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ, მათ ბრინჯაოს შანსი აქვთ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, რომლებიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვიან.

ლაშა ბექაურმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონელი კოსუკე მაშიამა იპონით, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 23 წამში ულამაზესი გდებით და იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ დავლატ ბობონოვს შეხვდა, მაგრამ წააგო, რადგან მსაჯებმა თავის გამოყენება დაუფიქსირეს და წაგება ჩაუთვალეს. ბექაური ბრინჯაოსთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდება.

ლუკა მაისურაძემ, რომელიც თავის მხრივ, ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ლიბანელი კარამნობ სიგაიპოვი, მონღოლი ალტანბაგანა განტლუგა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ტრისტან მოსახლიშვილი იპონებით დაამარცხა და ნახევარფინალში იტალიელ კრისტიან პარლატის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამზე იპონით დამარცხდა. ლუკას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელი ივან ფელპე სილვა მორალესი იქნება.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთი მედალი მოიპოვა, რომელიც ტატო გრიგალაშვილის (81 კგ) აქტივშია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). 11 ოქტომბერს, ტატამიზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.

0.117661